პრობლემაა ენმ-ს და ლელოს სურვილი, იქცნენ რეჟიმის დემოკრატიულ ფასადად – გიგა ბოკერია

”იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან მომენტში ისტორიის, საქართველოს სამწუხაროდ ჰყავს კოლაბორაციონისტ-პუტინისტური რეჟიმი, რომელიც საქართველოს ინტერესების დაცვის ნაცვლად ზიანს აყენებს ყოველ დღე ჩვენს შანსებს ამ ჭაობიდან გასვლის და ამ შანსის გამოყენების. აკეთებს რეალურად ჩვენი ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე პუტინის საქმეს, რამდენადაც ეს შეუძლია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. ჩვენთვის განსაკუთრებული პრობლემაა, ჩვენ გუნდის აზრით, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ვგულისხმობ ენმ-ს და ლელოს. მათი სურვილი, გააზრებული თუ გაუაზრებელი, რომ დემოკრატიულ ფასადად იქცნენ ამ რეჟიმში, რომ შეალამაზონ არსი ამ რეჟიმის, მათი ინიციატივებით. ამის მაგალითი იყო და არის მათი სურვილი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ერთი დელეგაციით წავიდნენ უკრაინაში, რომელიც იმყოფება ბოროტების იმპერიის აგრესიის ქვეშ. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს თითქოს აქვთ იგივე პოზიცია, რაც ევროპულ საქართველოს, რომ ეს არის პუტინისტური რეჟიმი, ეს არის მათი სიტყვები. თუ ისინი ასე თვლიან და თუ გულწრფელები არიან ამ შეფასებაში, აუხსნან საზოგადოებას, რატომ თვლიან პუტინისტურ-კოლაბორაციონისტული რეჟიმის დეკორაციად ყოფნას საჭიროდ ჩვენი ქვეყნისთვის.” –  აცხადებს ბოკერია.