პრობლემა ინაშვილში არაა, პრობლემაა, როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის ჩარევაზე – ხოშტარია

ევროპული საქართველოს ლიდერისა და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, პრობლემა არა პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის, ლიდერი ირმა ინაშვილი, არამედ სახელმწიფოს რეაგირებაა საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევაზე.

“ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პრობლემა არ არის ირმა ინაშვილში, ირმა ინაშვილები ჩვენს ქვეყანას ისტორიულად ძალიან ბევრი ჰყოლია. პრობლემა არის, როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის მხრიდან ჩვენ საარჩევნო პროცესში ჩარევაზე. ეს რეაგირება დღეს არის წარმოუდგენლად სუსტი. მხოლოდ აუდიტის სამსახურის ჩარევა უბრალოდ წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია, რომ მათ მანდატი ეყოთ, გამოიძიონ ეროვნული უსაფრთხოების ეს საკითხი.

სახელმწიფო ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ საკითხს და დაიწყოს გამოძიება სუსმა და პროკურატურამ უცხო ქვეყნის, ოკუპანტის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პერიოდში ჩარევის ფაქტზე, რომელსაც გააჩნია ძალიან ბევრი კომპონენტი – ეს შეიძლება იყოს შპიონაჟი, ეს არის მტრული სახელმწიფოსთვის და მისი ორგანიზაციებისთვის ხელშეწყობა მტრულ საქმიანობაში, ეს არის ფინანსური რესურსების მიღება, შუღლის გაღვივება, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა,” – ამბობს ელენე ხოშტარია პრესკონფერენციაზე.

მან იმ დამთხვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ცენტრ “დოსიეს” გამოძიებას და ივანიშვილის განცხადებებს შორის არის. მისი თქმით, აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა იმ ფრაზებით ისაუბრა, რომელიც რუსეთიდან მიღებულ ინსტრუქციაში იყო – რომ მათი ვიზიტის მიზანი იყო კერძო და ემსახურებოდა ფერიცვალებასთან დაკავშირებით ილორის ხატის ჩატანას. ასევე, ინსტრუქციაში ნახსენები იყო ნეიტრალიტეტისთვის ხაზგასმის აუცილებლობა – ხოშტარიას თქმით, ინაშვილმა 26 აგვისტოს ამ საკითხზეც ისაუბრა.

“ამრიგად, ჩვენ მოვითხოვთ, რომ სახელმწიფო ძალიან სერიოზულად მოეკიდოს ამ საკითხს და დაიწყოს გამოძიება სუს-მა და პროკურატურამ უცხო, მტრული ქვეყნის, ოკუპანტის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პერიოდში ჩარევის ფაქტზე, რომელსაც გააჩნია ძალიან ბევრი კომპონენტი, ეს შეიძლება იყოს მტრული სახელმწიფოსთვის ხელშეწყობა მტრულ საქმიანობაში, ეს არის ფინანსური რესურსების მიღება, შუღლის გაღვივება, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა”,- თქვა ხოშტარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის ამოცანა არის ქვეყანაში დესტაბილიზაცია და სწორედ ამ ამოცანის შესრულებაში სახელმწიფოს ვალია, მათ შეუშალონ ხელი. სხვა შემთვევაში, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“.