2019 წელს პროგრამამ “აწარმოე საქართველოში” 281 პროექტი დააფინანსა, საერთო ჯამში 22 331 323 ლარით. აქედან წარმოების მიმართულების დაფინანსებაში დახარჯა 15 086 402 ლარი, ხოლო სასტუმროს ხელშეწყობის მიმართულებით – 7 244 921 ლარი.
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, პროგრამამ 2019 წელს ჯამში სასტუმროების 102 პროექტი დააფინანსა.
დაფინანსებული კომპანიებიდან 12 კომპანია ქართული ოცნების ან ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია. სხვადასხვა წლებში აღნიშნული კომპანიის მესაკუთრეებმა ქართულ ოცნებას საერთო ჯამში 476,000 ლარი შეწირეს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 271,000 ლარი.
“აწარმოე საქართველოში”-ს მიერ დაფინანსებულ სასტუმროებს შორის არის 2 კომპანია, რომელთა მესაკუთრეებიც რუსეთის მოქალაქეები არიან: შპს “ლეო 444” 150,137 ლარით დააფინანსა აწარმოე საქართველომ. კომპანიის მესაკუთრე რუსეთის მოქალაქეა. ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან შპს მაგნეტიტის მესაკუთრეები, რომელიც 2019 წელს 30,904 ლარით დაფინანსდა.
“აწარმოე საქართველოში”-ს მიერ დაფინანსებული კომპანიებიდან ქართული ოცნების ყველაზე დიდი შემომწირველი კომპანია შპს სევსამორაა. კომპანიამ დაფინანსების სახით 2019 წელს 209,668 ლარი მიიღო.
კომპანიის მესაკუთრეს, გიორგი გაგუას ქართული ოცნებისათვის ჯამში 147,000 ლარი აქვს შეწირული. დაფინანსების მიღების შემდეგ 2019-2020 წლებში მან 110,000 ლარი შესწირა პარტიას. გიორგი გაგუას ასევე თანხები შეწირული აქვს სალომე ზურაბიშვილისათვის, რომელსაც 60,000 ლარი შესწირა 2018 წელს.