პროკურატურამ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი-ზე თავდასხმისთვის ლევან ზურაბაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის” შენობაში შეიჭრა ლ.ზ. , რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა”,– აცხადებს პროკურატურა.
მათი ინფორმაციით, საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.
ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.