პროკურატურამ მოითხოვა გადადება, გაუგებარია – ბადრი ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძისთვის გაუგებარია ბრალდების მხარის მიერ პროცესის გადადების მოთხოვნა.

მისი თქმით, მისი, მამუკა ხაზარაძისა და ავთო წერეთლის საქმე სახელმძღვანელოებშია შესატანი აბსურდულობის გამო.

“პროკურატურის მოთხოვნა მართლაც არის გაუგებარი. მოითხოვეს გადადება, ვითომდაც არ იყვნენ მზად რეპლიკა გაეკეთებინათ იმასთან დაკავშირებით, რაც მოისმინეთ ყველამ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ეს საქმე თავისი აბსურდულობით შეყვანილი უნდა იქნას სახელმძღვანელოებში, თუ როგორ შეიძლება გააყალბო საქმე, როგორ შეიძლება ადამიანები დევნო პოლიტიკური დავალებით.

ადამიანები, რომლებმაც ზიანი მიიღეს რუსეთის არმიის შემოჭრის გამო. ჩვენ, ამ შემთხვევაში, იმ სესხის გამო, რასაც გვედავებიან, მართლაც დავკარგეთ ქონების დიდი ნაწილი. ამიტომ, ეს საქმე თავისი შინაარსით მართლა გამორჩეული აბსურდულობით, უსინდისობით გამოირჩევა. კიდევ ერთი სხდომის ჩატარება მოგვიწევს”, – თქვა ჯაფარიძემ სასამართლოს დატოვების შემდეგ.

ცნობისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 11 იანვრამდე გადაიდო. სხდომის გადადება ბრალდების მხარემ მოითხოვა.