პროკურატურამ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალი წაუყენა

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ვიეტნამის მოქალაქემ და მისმა თანამზრახველმა, უკანონო წარმომავლობის თანხები ეტაპობრივად განათავსეს საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე, რის  შემდეგაც თანხების ინვესტირება ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში მოახდინეს, კერძოდ: 2020-2021 წლების პერიოდში, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ორი  საცხოვრებელი ბინა,  ბათუმში – ასევე ორი საცხოვრებელი ბინა და სამი ავტოფარეხი, ხოლო ლანჩხუთში –  მიწის ნაკვეთი შეიძინეს. ამ გზით, ბრალდებულებმა მოახერხეს ერთ მილიონამდე ლარის ეკვივალენტი უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ჩართვა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში. გამოძიების ეტაპზე, ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. ბრალდებულებს 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.