პროკურატურამ შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში დახმარებისთვის აშშ–ს მიმართა

საქართველოს მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ 16 ივლისს ნამდვილად მიმართა ამერიკულ მხარეს შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში დახმარებისთვის, კერძოდ Facebook-დან და Instagram-იდან შაქარაშვილის საქმის ბრალდებულებისა და მოწმეების მიმოწერის ამოღებაში დახმარებისთვის. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად ტვ პირველმა გაავრცელა. გამოძიების მიზანი იმ მიმოწერის ამოღებაა, რომელიც უკვე წაშლილია. სავარაუდოდ სწორედ ეს მიმოწერა ინახავს რეალურ ინფორმაციას შაქარაშვილის მკვლელობის ღამეს მომხდარ მოვლენებზე, რასაც ბრალდებულები და ეჭვმიტანილები გამოძიებას უმალავენ და რაზეც ჩვენებებში არ საუბრობენ.

როგორც ცნობილია, კომპანია ფეისბუქი პირადი ჩატებიდან წაშლილ მიმოწერას ხანგრძლივი დროით ინახავს და მისი აღდგენა შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ გამოძიების მოთხოვნით.