პროკურატურამ 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ძიძას ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ლ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად 5 მცირეწლოვან ბავშვს უვლიდა. ლ.ლ სისტემატურად ძალადობდა 2 წლის მცირეწლოვან ბავშვზე.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ლ.ლ. 2020 წლის 22 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ლ.ლ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა.პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.