“პროკურატურას თავზე ჩამოემხო ფულის გათეთრების საქმე!” – ვატო წერეთელი

“პროკურატურას თავზე ჩამოემხო ფულის გათეთრების საქმე!” – ასე გამოეხმაურა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებული ავთანდილ წერეთლის შვილი, ვატო წერეთელი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

“პროკურატურა არის პოლიტიკურად მიკერძოებული. სამი წელი რატომ გვატარეს?! პრაქტიკულად 3 წელი დაპატიმრებული იყო ჩემი ოჯახი და ვიყავით შტურმის ქვეშ, რისთვის ვიარეთ სასამართლოზე? რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას, რაც არის, კი, შეიძლება ციხეში არ მიდის, მაგრამ აუცილებლად გავასაჩივრებთ. რას ნიშნავს თაღლითობა, სადაც არც გამოძიებაა ჩატარებული, არც არაფერი, აუცილებლად გავასაჩივრებთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ. მთელი სამყარო არ ცნობდა, რომ არანაირი გათეთრება არ იყო პროკურატურის გარდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე დამთავრდა. ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ოჯახის რეპუტაციისთვის”, – განაცხადა ვატო წერეთელმა. 

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა არა პროკურატურის მიერ წარდგენილი ფულის გათეთრების მუხლით, არამედ მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მხულის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).