პროკურატურა ბერას და ღარიბაშვილის ჩანაწერებზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურის განცხადებით, ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერები 2011–2012 წლებშია ჩაწერილი.

“აუდიოჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ, დაინტერესებულ პირთა მხრიდან ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ ჩანაწერში მოსაუბრეთა ქმედებები შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, რაზედაც კომპეტენტური უწყებები შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენდნენ. ასევე ვითარდებოდა მოსაზრება, რომ აუდიოფაილები შექმნილი იყო 2012 წლის შემდგომ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომრებზე ფარული მოსმენა/მიყურადღება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში”,– აცხადებს პროკურატურა.

უწყების ცნობით, ფარული სატელეფონო მიყურადება მიმდინარეობდა 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, კერძოდ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზების, ქურდული სამყაროს წევრობის, განზრახ მკვლელობის ,ტერორიზმის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობის, ამომრჩეველთან მოსყიდვისა და მსჯავრდებულთა ძებნის ფაქტებზე.

დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, არასრუწლოვან ბერა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს არანაირი კავშირი და შემხებლობა საქმეებში მითითებულ ფაქტებთან არ ჰქონიათ.

პროკურატურის განცხადებით, “2011 წელს, მუქარის შემცველი შეტყობინებების გადამოწმების მიზნით, ბერა ივანიშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები შეტყობინების ავტორებს 2 შემთხვევაში შეხვდნენ და გაესაუბრნენ. შეხვედრა შედგა შეტყობინების ავტორების საცხოვრებელ მისამართზე მათი მშობლების და მეზობლების თანდასწრებით. შეხვედრისას არანაირ ძალადობას, მუქარას იძულებას ან სხვა დანაშაულის ნიშნებს ადგილი არ ჰქონია.”

უწყების მტკიცებით, ჩანაწერების მისაღებად, ჩანაწერებში, მონტაჟის კვალი აღინიშნება 170 ადგილას.

“ექსპერტიზით დასტურდება, რომ აუდიო ჩანაწერებისთვის მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად, 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში