პროკურატურა: დუშეთში ერთმა პირმა მეორე მანქანაში ჩაკეტა, შებოჭა და მისი გაუპატიურება სცადა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დუშეთში ერთმა პირმა მეორე საკუთარ ავტომობილში ჩაკეტა, ძალის გამოყენებით შებოჭა და მისი გაუპატიურება სცადა, თუმცა ვერ შეძლო დაზარალებულის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო. შემთხვევა 3 ივლისს, ღამის საათებში მოხდა.

მოქალაქე გაუპატიურების მცდელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

გარდა ამისა, პროკურატუაში ამბობენ, რომ მოგვიანებით ბრალდებული დაზარალებულს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუპატიურებით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება