პროკურატურის განცხადება მომეწონა, ჟურნალისტებს ვერ დაიჭერენ – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სხვებისგან განსხვავებით, პროკურატურის განცხადება მოეწონა.

მისი თქმით, ჟურნალისტებს ვერ დაიჭერენ და წყაროს დასახელებასაც ვერ მოთხოვენ.

“დანარჩენი გამოიძიონ. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს ჩანაწერების დრო და ავთენტურობა. ამის გასარკვევად, ბუნებრივია უნდა დაიკითხონ მოქმედი პირებიც. რადგან მოქმედი პირი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და ამ საქმეზე გამოძიება შესაძლოა თეორიულად გახდეს ახალი საქმის ინიცირების საფუძველი, რომლის ფიგურანტიც თვითონ შეიძლება იყოს, აუცილებელია მინიმუმ მისი უფლებამოსილების შეჩერება, რაც სასურველია თვითონ გააკეთოს.

ეს ხელისუფლებისთვისაც კარგია, რადგან ეჭვმიტანილი პრემიერი ოპოზიციისთვის საჩუქარია. რაც მთავარია, შედეგების დამაჯერებლობიდან გამომდინარე, გავარკვევთ პროკურატურა ქართული სახელმწიფოს, თუ პარტიული მართლმსაჯულების ინსტიტუტია”,- წერს ხუხაშვილი Facebook-ზე.

პროკურატურამ ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება კერძო საუბრების უნებართვო ჩაწერაზე, გამოყენებასა და გავრცელებაზე დაიწყო.