პროკურატურის თქმით, FBI აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მათი კომპეტენცია არაა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განმარტებით, მას გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, რომ FBI-ს არ აქვს მზაობა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთოს.

„რა თქმა უნდა, FBI-ს ჩართვასთან დაკავშირებითაც დავსვით შეკითხვა. როგორც პროკურატურაში განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესთან და თანამშრომლობის შესაძლებლობასთან. როგორც გენერალურმა პროკურორმა თქვა, იყო FBI- ს ჩართვის საკითხზე საუბარი და პოზიციების გაცვლა. FBI აცხადებს, რომ არ არის მათი კომპეტენცია ჩაერთოს გამოძიებაში სხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე, როგორც მე მითხრეს, FBI-ს ეს მზაობა არ აქვს. თუმცა როგორც გენერალური პროკურორი აცხადებს, მათ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აქვთ მიმართული “ფეისბუქისთვის” და “გუგლისთვის”, -განცხადა ლომჯარიამ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს, რომ გამოძიებაში FBI ჩაერთოს.