პროკურორის თქმით, სააკაშვილი ტელეფონით კვლავ ვერ ისარგებლებს

პროკურორი ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

„ჩვენ, როგორც ბრალდების მხარემ, “საპატიმრო კოდექსის“ შესაბამისად, მართლმსაჯულების მიზნით და ლეგიტიმური მიზნით, შევზღუდეთ ბრალდებულის გარკვეული უფლება, მათ შორის სატელეფონო საუბრები. ეს შეზღუდვა ძალაშია, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამის ლეგიტიმური უფლება და ჩვენ ამ შეზღუდვას ვიყენებთ მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. ამდენად, ეს შეზღუდვა ძალაშია და იგი სასამართლოს არ გაუუქმებია“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

დღეს 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. მისი ადვოკატის განმარტებით, ეს პატიმრობა იყო ფორმალური საფუძველი ტელეფონის უფლების შეზღუდვაზე.