პროტესტის ნიშნად გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა სასამართლო პროცესი დატოვეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა ხუთივე პირმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ამის შესახებ  ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა შოთა კახიძემ განაცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდებულების პროტესტის მიზეზი მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილება გახდა.

კახიძის განცხადებით, მოსამართლე გასცდა პროკურატურის მოთხოვნას და იმაზე მეტი მტკიცებულებები ცნო დაუშვებლად, ვიდრე ამას პროკურატურა ითხოვდა.