პროტესტი სეირნობით – გირჩი საგანგებოს გაუქმების მოთხოვნით იპოდრომზე აქციას გამართავს

პოლიტიკური პარტია ,,გირჩი” საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გაპროტესტებას ძველ იპოდრომზე სეირნობით აპირებს. პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აქცია ხვალ 14:00 საათზე დაგეგმა. მისი თქმით, რადგან ქვეყანაში შეკრება-მანიფესტაციები აკრძალულია, პროტესტის ასეთი ფორმა მოიფიქრა.

ჯაფარიძის აცხადებს, რომ მთავრობას არ აუხსნია, რატომ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე.

,,არავის აუხსნია რა კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა და რა კონკრეტული შედეგები მოიტანა ბლოკპოსტებმა სამხედროებით, ასობით ათასი ადამიანისთვის სიცხის გაზომვამ, ქუჩების საპნიანი წყლით რეცხვამ, რაიონების ჩაკეტვამ, საკომენდანტო საათმა, მანქანაში ჯდომის წესებმა, ბაზრების დაკეტვამ, ბიზნესების გაჩერებამ, სავალუტო ჯიხურების დახურვამ, მილიონობით ჯარიმებმა და სხვა.

არავის აუხსნია რას ველოდებით 21 მაისს. იმის გათვალისწინებით რომ მაისის მეორე ნახევრისთვის არც ვაქცინა იქნება, არც წამალი, არც პოპულაციური იმუნინეტის გამომუშავება მოხდება, დადასტურებით შეიძლება მხოლოდ ერთი რამის მტკიცება – ვიქნებით პრინციპულად იგივე რეალობაში როგორშიც ვართ დღეს”,- ამბობს ჯაფარიძე.

აქციის მოთხოვნები ასეთია:

1. საგანგებო მდგომარეობის და საკომენდანტო საათის გაუქმება;
2. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა;
3. ავტომობილში მგზავრების სხდომასა და რაოდენობაზე შეზღუდვების მოხსნა;
4. შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეზღუდვების მოხსნა;
5. საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნა;
6. სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის აგრარულ ბაზრებზე, შეზღუდვების მოხსნა;
7. ბიზნესზე შეზღუდვების მოხსნა;
8. სავალუტო ჯიხურებზე შეზღუდვების მოხსნა;
9. ასაკოვანი ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე შეზღუდვის მოხსნა;
10. ყველა ბლოკ-პოსტის აღება და ყველა მუნიციპალიტეტის გახსნა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე;
11. ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება, რომელიც გამოიწერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გამო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში ასევე 27 აპრილამდე შეზღუდულია ავტომობილით გადაადგილება. მოქმედებს კომენდანტის საათი – 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ყველანაირი გადაადგილება აკრძალულია.