“პუტინთან კომპრომისი შეუძლებელია”–ზელენსკი BBC-სთან ინტერვიუში

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ინტერვიუ მისცა BBC-ის საერთაშორისო მიმომხილველს ჯონ სიმპსონს. ზელენსკიმ უპასუხა კითხვებს რუსეთთან კომპრომისის, ევროპის მხარდაჭერის, ბელორუსთან ურთიერთობებისა და რუსეთის შესაძლო საგაზაფხულო შეტევის შესახებ.

ზელენსკის ინტერვიუ ემთხვევა 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლისთავს. ზელენსკიმ სიმპსონთან საუბარში კიდევ ერთხელ გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინის ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობა შეცდომა იქნებოდა, რადგან ამის შემდეგ რუსეთი “ისევ და ისევ დაიწყებს დაბრუნებას” და მხოლოდ დასავლური იარაღის მიწოდებას შეუძლია გრძელვადიანი მშვიდობის მოტანა.

“დღეს ჩვენი გადარჩენა, ჩვენი ერთობა ერთი მიზანია. ჩვენ მივდივართ ევროპაში, უკრაინამ აირჩია ეს გზა. ამ ყველაფრის დაკარგვა არ შეიძლება. უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები უნდა, ჩვენ ყველას გვინდა – ჩვენ ვართ ერთიანები. ამიტომ ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი მხოლოდ დაასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს. საქმე ხომ სიტყვა “კომპრომისში” არ არის. რატომ უნდა გეშინოდეს ამის? ჩვენ გვაქვს მილიონი კომპრომისი ცხოვრებაში. ისინი ხდება ყოველდღე. საკითხავია ვისთან. კომპრომისი პუტინთან? არა! რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს ნდობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად, უკრაინის ტერიტორიული დათმობები ყირიმში ან დონბასში შექმნის „ბომბს ჩვენი ქვეყნის ცენტრში და ბომბს ევროპის ცენტრში“, დარწმუნებულია უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკიმ კითხვის პასუხად შეტევაზე, რომელსაც შესაძლოა რუსეთი გაზაფხულზე გეგმავს, თქვა, რომ შეტევა რეალურად უკვე დაიწყო და რუსეთის შეტევები უკვე რამდენიმე ფრონტზე მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ შეაჩერონ რუსული ჯარების შემოტევა და განახორციელონ კონტრშეტევა, მაგრამ ამას დასავლეთის ქვეყნების მეტი დახმარება სჭირდება. “რა თქმა უნდა, თანამედროვე შეიარაღება არის ის, რაც აახლოებს მშვიდობას. იარაღის ენა ერთადერთი ენაა, რომელიც რუსეთს ესმის”, – თქვა მან.

ახლა უკრაინის მოკავშირეები განიხილავენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი ამბობს, რომ ასეთი მიწოდება შესაძლებელია, მაგრამ გერმანიასა და შეერთებულ შტატებში უარს ამბობენ.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ბელორუსის ლიდერთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ურთიერთობაზე, რომელმაც ხუთშაბათს განაცხადა, რომ მზად არისუკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთოს, თუ „ერთი ჯარისკაცი მაინც შევა იქიდან ბელორუსის ტერიტორიაზე მისი ხალხის მოსაკლავად“.

“იმედი მაქვს, რომ ბელორუსი არ ჩაერთვება ომში. თუ ეს მოხდება, ჩვენ ვიბრძოლებთ და გადავრჩებით”, – თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ბელორუსის უკრაინის წინააღმდეგ რუსული არმიისთვის თავდასხმის პლაცდარმად ქცევა  დიდი შეცდომა იქნება.