ქართული ოცნების დეპუტატის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში შემოსული რუსი ჟურნალისტი, მაქსიმ შევჩენკო პუტინის რეჟიმს აკრიტიკებს.
“მიუხედავად იმისა, რომ რუსული საკმაოდ კარგად ვიცი, არ დაგიმალავთ და რუსულ მედიას თვალს არ ვადევნებ. აქედან გამომდინარე, ამ ჟურნალისტის საქმიანობის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ, რაც კი მომისმენია, არის ის, რომ ის, რამდენადაც ეს რუსეთის ფედერაციაში შესაძლებელია, პუტინისადმი და მისი მისი მმართველობის სტილისა და რეჟიმისადმი კრიტიკას აჟღერებს. შესაბამისად, ასეთი ჟურნალისტი თუ შემოდის საქართველოში, ამის გარშემო ატეხილი ამ ხარისხის აჟიოტაჟი, არ ვიცი რას ეფუძნება”, — განაცხადა წულუკიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ რუს ჟურნალისტს არც ოკუპაციის შესახებ კანონი და არც სხვა კანონი არ დაურღვევია.
რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო საქართველოში ხელისუფლების მოწვევით იმყოფებოდა. ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა თქვა, რომ რუსი ჟურნალისტი საქართველოში ბიზნესმოწვევით იმყოფებოდა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ შევჩენკოს ჩამოყვანით ოკუპაციის შესახებ კანონი ირღვევა, რადგან შევჩენკო პუტინის მხარდამჭერია.