უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განაცხადა, რომ ისინი თანამშრომლობენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წრის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ უწყების წარმომადგენელმა ანდრეი ჩერნიაკმა Iefimerida-ს ბერძნულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ადამიანები, ვისგანაც უკრაინის დაზვერვა ინფორმაციას იღებს, რუსეთის ხელმძღვანელობაშიც კი მუშაობენ. ჩერნიაკი ამტკიცებს, რომ უკრაინის დაზვერვამ იპოვა გზა რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვასთან თანამშრომლობისთვის.
“ესენი არიან ყოველგვარი ეჭვის მიღმა ხალხი, რომლებიც ცნობილია როგორც “დიდი რუსეთის მხარდამჭერები”. პუტინის გარშემო საკმაოდ ბევრი ადამიანია, ვინც არ უჭერს მხარს მის პოლიტიკას უკრაინის მიმართ. ისინი ამ ომის წინააღმდეგნი არიან. თუმცა, არა უკრაინის მიმართ მეგობრული გრძნობების გამო, ან იმიტომ, რომ სძულს ომი“, – თქვა ჩერნიაკმა.
მან აღნიშნა, რომ ეს ადამიანები უკრაინასთან თანამშრომლობითთავიანთ პირად ინტერესებს იცავენ და სურთ სარგებელი მიიღონ.
“ვიღაც ამას იმიტომ აკეთებს, რომ სიცოცხლე გადაირჩინოს. ვიღაცას იმიტომ, რომ ფულს კარგავს. უკრაინაში შემოჭრის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა დაიწყო ფულის და გავლენის დაკარგვა ძალიან სწრაფად. მათ ეს არ მოსწონთ”, – განაცხადა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა.
ამავდროულად, ჩერნიაკმა თქვა, რომ ახლა ამ ხალხს არ შეუძლია პუტინის დამხობა, მაგრამ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, როდესაც ის დასუსტდება და ძალაუფლების დაკარგვას დაიწყებს. ჩერნიაკმა დასძინა, რომ როგორც კი პუტინი ძალაუფლებას დაკარგავს, მისი გარემოცვა მას გაანადგურებს.