პუტინის ონკოქირურგი და ექიმების ბრიგადა – The Times-ის სტატია გამომძიებელ ჟურნალისტებზე დაყრდნობით

გამოცემა The Times რუსული საგამოძიებო ჯგუფის მასალებზე დაყრდნობით რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ  ქირურგ–ონკოლოგი პუტინს ბოლო 4 წლის განმავლობაში შავი ზღვის პირას, სოჭში  35–ჯერ სტუმრობდა. გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ექიმების ბრიგადა ემსახურება.

პუტინს, რომელიც მალე 70 წლის ხდება ექიმების მთელი ბრიგადა ემსახურება. მათ შორის არის ევგენი სალივანოვი – ქირურგ–ონკოლოგი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის კიბოზეა სპეციალიზირებული.  ამ ინფორმაციას რუს გამომძებელ ჟურანლისტთა ჯგუფი “პროექტი“ ავრცელებს.

სალივანოვმა რუსეთის პრეზიდენტთან 4 წელიწადში ჯამში 166 დღე გაატარა, სანამ პუტინი სოჭში იყო. გამოცემა წერს, რომ პუტინმა ალტერნატიულ მედიცინასაც მიმართავს და ირმებისთვის რქების მოკვეთისას  მიღებული სისხლის და სპეციალური ექსტრაქტების აბაზანებს იღებს.

“პროექტი“ პუტინის მკურნალობის დეტალებზე საუბრობს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელმისაწვდომი დოკუმენტების შესწავლის შედეგად. დოკუმენტებში ჩანს, მოსკოვის საპრეზიდენტო კლინიკიდან რომელი ექიმები განათავსეს სხვადასხვა სასტუმროებში, რომლებსაც კრემლი სოჭში პუტინის რეზიდენციის სიახლოვეს მისი სტუმრებისთვის იყენებდა 2016–2020 წლებში, როცა ლიდერი ან ოფიციალურად სტუმრობდა აქაურობას, ან უცნაურად ქრებოდა საზოგადოების თვალსთახედვის არეალიდან.

კრემლი არაერთხელ უარყოფდა ინფორმაციას პუტინის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. მისი პირადი ცხოვრება კი იდუმალებით არის მოცული.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ექიმების ბრიგადა ქალაქში ყოველთვის პრეზიდენტის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე ჩადიოდა, ზოგჯერ კი მათი რაოდენობა “მკვეთრად იზრდებოდა“. ორ შემთხვევაში, 2016 და 2019 წლებში იყო სერიოზული ვარაუდები, რომ პუტინმა ოპერაცია ან სერიოზული პროცედურა გაიკეთა, დიდი ალბათობით ზურგზე – ამბობს ჯგუფი. პირველი შემთხვევა მაშინ იყო, როცა რუსეთის ლიდერი 5 დღის მანძილზე არ გამოჩენილა საჯაროდ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ჭორები, რომ პუტინს ცხენზე ჯირითისას ინციდენტი შეემთხვა, რის გამოც კოჭლობდა.

დოკუმენტების თანახმად, 2019 წელს პუტინს სოჭში ვიზიტების დროს თან ახლდა საშუალოდ 9 ექიმი. ოთხი წლის განმავლობაში ბრიგადაში რეგულარულად რჩებოდა სამი ექიმი: ორი ოტორინოლარინგოლოგი და სელივანოვი.

ექიმი, რომელმაც სოჭში პუტინის ვიზიტების დროს მასთან ყველაზე მეტი დრო გაატარა, ალექსეი შჩეგლოვი იყო – ერთ–ერთი ოტოლარინგოლოგი, რომელსაც 2016–2019 წლებში პუტინთან 59 ვიზიტი ქონდა, ჯამში 282 დღე. სამედიცინო ბრიგადის სხვა წევრებს შორის იყვნენ ანესთეზიოლოგები, ნეიროქირურგი, ინფექციონისტი, ინტენსიური თერაპიის ექიმი.

ჟურნალისტების ჯგუფი “ქვეყნის მეთაურის ნაცნობს“ ციტირებს, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტმა ალტაის მხარეში საიდუმლო ვიზიტისას “ირმის რქების“ აბაზანაც კი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მას უთხრეს, რომ ამ პროცედურას რაიმე დადასტურებული სამედიცინო ეფექტი არ ქონდა.

რიტუალის დროს ირემს რქებს კვეთენ, რათა სისხლი მიიღონ, რომელიც ითვლება, რომ ადამიანს ძალას აძლევს და დაბერების პროცესს აჩერებს, მისი დალევის, ან აბაზანის მიღების შედეგად.

კრემლი “პროექტის“ ანგარიშზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა 2020 წელს პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებდა, რომ პრეზიდენტს “შესანიშნავი“ ჯანმრთელობა აქვს.

როცა 2000 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, პუტინი 47 წლის იყო. მან შეიქმნა ჯანმრთელი, სპორტის მოყვარული მამაკაცის იმიჯი, არ სვამდა, არ ეწეოდა, რაც დიდი კონტრასტი იყო მის წინამორბედ, ბორის ელცინთან შედარებით, რომელიც ბევრს სვამდა და გულის ოპერაციაც გადაიტანა.

1995 წელს, აშშ–ში ვიზიტისას სპეცსამსახურების აგენტებმა თეთრი სახლის სიახლოვეს მთვრალი ბორის ელცინი ქვედა საცვლის ამარა აღმოაჩინეს, რომელიც ცდილობდა ტაქსი დაეჭირა და პიცის საყიდლად წასულიყო.

პუტინი კი პირიქით, ფხიზლად და აქტიურად გამოიყურებოდა, ძიუდოს ხალიჩაზე მოწინააღმდეგეებს ანარცხებდა და ავიაგამანადგურებელსაც მართავდა.

კრემლი ამ იმიჯს წლების მანძილზე ავითარებდა, პუტინის ასაკის მატების მიუხედავად, მცირე კორექტირებით– ბოლო წლებში იყო ფოტოსესიები, როგორ თევზაობს პუტინი, როგორ ჯირითობს ცხენზე წელს ზევით შიშველი, ატარებს “ვინტოვკას“ ტაიგაში მინისტრ შოიგუსთან ერთად ვიზიტის დროს.

თუმცა, მუდმივად იყო მინიშნებები ავადმყოფობასა და სამედიცინო პროცედურებზე. 2010 წელს უკრაინაში ვიზიტის დროს, მის ყვრიმალებზე ჩალურჯებები გამოჩნდა, რამაც მედიაში პლასტიკური ქირურგიის შესახებ ჭორები გამოიწვია. კრემლში აცხადებდნენ, რომ ის უბრალოდ დაიღალა და თან სახეზე “შუქი ცუდად ეცემოდა“;

სამთავრობო წყაროებმა 2012 წელს ჟურნალისტებს უთხრეს, რომ პუტინს, რომელიც მაშინ 60 წლის იყო, ზურგის პრობლემები ქონდა, რასაც შეიძლება ქირურგიული ჩარევა დაჭირვებოდა და რომ ის იძულებული იყო კორსეტი ეტარებინა. კრემლში ეს განცხადებები უარყვეს და თქვეს, რომ პუტინის “კოჭლობის ეპიზოდი“ სპორტული ტრავმის ბრალი იყო.

გასულ წელს პუტინი ყვებოდა, როგორ გადმოვარდა ერთხელ ცხენის უნაგირიდან, როცა ცხენმა “ხტუნვა დაიწყო და ნამდვილი სალტო გააკეთა“. მას არ უთქვამს, როდის მოხდა ეს ინციდენტი.