”პუტინი არასწორ გათვლებს რამდენიმე მიმართულებით აკეთებს” – ნიკო ლანგე

”პუტინი არასწორ გათვლებს რამდენიმე მიმართულებით აკეთებს” – ამის შესახებ, “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში, გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკო ლანგემ ისაუბრა.

ის საქართველოზეც საუბრობს და ამბობს, რომ სახელმწიფომ რუსეთის ათასობით მოქალაქის ქვეყანაში შეშვებასთან დაკავშრებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. გერმანიის თავდაცვის პოლიტიკის, რუსეთისა და უკრაინის საკითხების ექსპერტს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

გასულ კვირას გერმანიისკენ მიმავალი წყალქვეშა მილსადენები გასკდა. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა რუსეთს მილსადენების საბოტაჟში სდებს ბრალს. ასევე არის ცნობები, რომ მილსადენთან ახლოს დაფიქსირდა აფეთქებები. საბოტაჟია ეს თუ არა, ფაქტია, რომ გერმანიას რუსული გაზი არ მიეწოდება. თქვენი აზრით, ენერგორესურსების ასეთ შემცირებას ექნება თუ არა გერმანიის პოლიტიკაზე გავლენა?

ვფიქრობ, დღეს ყველასათვის, მათ შორის, გერმანიისთვისაც ცხადია ის, რომ გერმანია რუსულ გაზზე ზედმეტად იყო დამოკიდებული. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეცდომა იყო და მიხარია, რომ გერმანიამ ეს შეცდომა გამოასწორა. ამ შემთხვევაში, ცხადია, რომ საქმე საბოტაჟთან გვაქვს. ერთი, რაც მნიშვნელოვანია რომ უნდა გავიგოთ ისაა, რომ რუსეთი საკუთარ სიტუაციას არასწორად აფასებს. პუტინი შეცდა უკრაინის მიერ წინააღმდეგობის გაწევის გათვლაში, უკრაინის მხარდაჭერის მხრივ დასავლეთი ერთობის გათვლაში და ის ისევ ცდება იმაში, რომ შეუძლია გაზის მიწოდების შეჩერებით გერმანიას უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე აზრი შეაცვლევინოს. გერმანიამ დაიგვიანა, მაგრამ ახლა ძალიან სწრაფად შეავსო გაზის მარაგები. პრობლემები იქნება, მაგრამ გერმანია ამ ზამთარს გადაიტანს და ამის შემდეგ სტრატეგიულად, გაცილებით ნაკლებად იქნება რუსულ გაზზე დამოკიდებული. ვფიქრობ პუტინი არასწორ გათვლებს აკეთებს. ის გერმანიის ან ევროკავშირის პოზიციას ამ სახის გამოძალვის მეთოდით ვერ შეძლებს.