პუტინი ბიჭვინთის 184 ჰექტარი ტერიტორიის ჩუქებას ითხოვს

რუსეთი აგრძელებს მიზანმიმართულ ზეწოლას აფხაზებზე, რათა სამუდამოდ ჩაიგდოს ხელში, შავ ზღვაზე, ბიჭვინთის ულამაზესი ყურის მიმდებარედ, 184 ჰექტარი მიწა. ბიჭვინთის ნაკრძალის ტერიტორია, რომლის უმეტესი ნაწილი რელიქტურ და ენდემურ ბიჭვინთის ფიჭვს უკავია.

ამ ტერიტორიას, საბჭოთა კავშირის დაშლისა და თბილისის მიერ აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ, ისედაც, რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახური აკონტროლებს.

ბიჭვინთის ტერიტორიის 184 ჰექტარი, რომელიც ლიძავას გზატკეცილზე მდებარეობს, ბეტონის კედლებით და მავრთულხლართებით არის შემოსაზღვრული, ყველგან დგას ვიდეოსათვალთვლალო სისტემები, რომლებსაც რუსი ოკუპანტები, ენგურის ხიდზე და ცხინვალის რეგიონშიც იყენებენ.

აფხაზები უკვე ათწლეულებია აქ ცხვირს ვერ ყოფენ, მათთვის აკრძალულია სანაპიროზე შესვლა და ბანაობაც. რუსეთი სეპარატისტებისგან, ამ ტერიტორიაზე მდებარე, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკისა და დამხმარე ნაგებობების სამუდამო დაკანონებას ითხოვს.

სეპარატისტების ლიდერი ასლან ბჟანია ამ მოთხოვნას, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სურვილს უკავშირებს, ხშირად დაისვენოს ოკუპირებულ აფხაზეთში.

„იცით, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი რამდენჯერმე არის ბიჭვინთის ამ აგარაკებზე ნამყოფი. რუსეთის ხელისუფლების სურვილია აქ ჩამოვიდნენ და დაისვენონ. იმისთვის, რომ ეს დასვენება იყოს ხარისხიანი აუცილებელია ამ ტერიტორიაზე მდებარე აგარაკების და დამხმარე ნაგებობების სრული განახლება და კაპიტალური რემონტი“ – ასე შეეცადა აღშფოთებული ბიჭვინთელების დამშვიდებას ასლან ბჟანია.

მისი თქმით, „ეს ნაგებობები, გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა და უკვე ძალიან მოძველებულია. სწორედ ამიტომ ითხოვს რუსეთი ამ ნაგებობების გადაცემას არა არენდით, არამედ საკუთრებაში, რათა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მოხდეს ამ სამუშაოების დაფინანსება. ხაზს ვუსვამ, რომ რუსეთს გადაეცემა მხოლოდ ნაგებობები და არა მიწა, რომელზეც ეს აგარაკები მდებარეობს. მიწა გადაეცემათ 49 წლიანი არენდით“ – აცხადებს ბჟანია.

ბიჭვინთის 184 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელზეც რუსეთი აცხადებს პრეტენზიას, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკი, №8, 9 და 10 მდებარეობს, ასევე დამხმარე ნაგებობები მათ შორის აუზები, რესტორნები, მიწისქვეშა კომპლექსიც, რომელთაც ლიფტი აკავშირებს.

ბიჭვინთის კონცხზე ამ ტერიტორიის განვითარება და აქ სახელმწიფო აგარაკების აშენება, საბჭოთა ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის სახელს უკავშირდება. მშენებლობის გადაწყვეტილება ხრუშჩოვმა 1959 წლის იანვარში მიიღო.

მთლიანად, კურორტ ბიჭვინთის განვითარების ფარგლებში, სახელმწიფო აგარაკების მშენებლობა 1962 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა რამდენიმე წელი გაიწელა. ბიჭვინთა ხრუშჩოვის საყვარელ ადგილად იქცა, სადაც ის ქართველ და აფხაზ კომუნისტებსაც მასპინძლობდა. 1964 წელს, როცა ბრეჟნევმა ხრუშჩოვი ხელისუფლებას ხავერდოვნად ჩამოაშორა, ეს უკანასკნელი სწორედ ბიჭვინთაში ისვენებდა.

ყველაზე მაღალი რანგის სტუმარს, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკმა 1974 წელს უმასპინძლა, მაშინდელმა საბჭოთა ლიდერმა ლეონიდ ბრეჟნევმა აქ მიიღო, საფრანგეთის პრეზიდენტი ჟორჟ პომპიდუ.

ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკები, რომელთა გადაცემას კრემლი ითხოვს

2017 წელს კი სოჭიდან ოკუპირებულ ბიჭვინთაში, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჩაფრინდა და ხრუშჩოვის ყოფილ აგარაკზე, სეპარატისტების მაშინდელ ლიდერს რაულ ჰაჯიმბას შეხვდა. 2020 წლის იანვარში, როცა სეპარატისტებმა ჰაჯიმბა სოხუმიდან გააძევეს, მას ბიჭვინთაში, “რუსების ტერიტორიის მიმდებარედ”, ერთ-ერთი ყოფილი საბჭოთა აგარაკი აღნაგობის უფლებით გადაეცა.

იქვეა, მიუსერაში, ბოლო საბჭოთა ლიდერის მიხეილ გობრაჩოვის სახელმწიფო აგარაკიც, რომლითაც ოკუპაციის შემდეგ, აფხაზი სეპარატისტების ლიდერები სარგებლობენ და “აფხაზთა პრეზიდენტის რეზიდენცია” დაარქვეს. ასლან ბჟანია ამბობს, რომ ბიჭვინთის 184 ჰექტარის გადაცემის შემთხვევაში, რუსები “მათ” აგარაკებსაც გაარემონტებენ.

ბიჭვინთის ტერიტორიის 184 ჰექტარის რუსეთისთვის გადაცემას, ყველაზე მეტად, ჯერჯერობით, თავად ბიჭვინთელები აპროტესტებენ. 1670 ადამიანმა მოაწერა ხელი საპროტესტი წერილს ასლან ბჟანიას სახელზე, სადაც საუბარია, რომ დაუშვებელია 184 ჰექტარის გადაცემა მაშინ, როცა ამ ტერიტორიაში ექცევა 60 ბიჭვინთელის საკუთრება, მათგან ორი ე.წ “სასამართლოში” დავობს.

ბიჭვინთელები განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან, რომ რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახური მათ აიძულებს, ტერიტორიის მიმდებარედ მხოლოდ სპეცსაშვებით, პასპოტებით და წინასწარი შეთანხმებით გადაადგილდნენ,

პრობლემები ექმნებათ სასწრაფო დახმარების და სახანძრო სამსახურის მანქანებს, რომლებსაც რუსები ასევე არ ატარებენ. ადგილობრივების აზრით, ეს მათი უფლებების უხეში ხელყოფაა. ამ მოსაზრებას არ იზიარებს, ცნობილი აფხაზი სეპარატისტი სერგეი შამბა:

„ბიჭვინთაში ასეთი ობიექტის არსებობა, რომელზეც რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები ისვენებენ, გარანტიას იძლევა, რომ ნებისმიერი აგრესორი, ჩვენ მიმართ თავს შეიკავებს ავანტიურისგან. არა მგონია, ისეთი გიჟები მოიძებნონ, ვინც მზად იქნება, ჰაერში აწიოს საბრძოლო უპილოტო აპარატები, როდესაც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე რუსეთის ფედერაციის რომელიმე მაღალჩინოსანი ისვენებს“ – აცხადებს შამბა.

სეპარატისტული აფხაზეთის რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, ბიჭვინთის 184 ჰექტარი მიწის რუსეთისთვის გადაცემას „ეროვნული ღალატი“ და დაუშვებელი უწოდა. ე.წ „აფხაზთა კრებას“ ეს საკითხი 19 ივლისს უნდა განეხილა, თუმცა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნით, რომლებმაც ამ ე.წ „ხელშეკრულების“ ექსპერტიზა მოითხოვეს, განხილვა გადაიდო.

ბიჭვინთის ულამაზეს კონცხს, რუსებმა უკვე მოაკლეს 45 ჰექტარი. ეს ტერიტორია, რომელიც ინკითისა და გველების ტბების სიახლოვეს მდებარეობს, მოსკოვის ზეწოლით, რუსეთის კრასნოდარის მხარის ექს-გუბერნატროს ალექსანდრე ტკაჩოვს, ანკლავში, სასტუმრო კომპლექსის „მოსკოვი რიზორტის“ ასაშენებლად, 2021 წლის ბოლოს გადაეცა. თუმცა, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრისა და საერთაშორისო სანქციების შემდეგ, პროექტი გაუკვეველი ვადით შეჩერდა.

წყარო: ამერიკის ხმა