რუსეთის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრისას თანხმობა განაცხადა გაეროს და საერთაშორისო წითელი ჯვრის ჩართვაზე მარიუპოლში ალყაშემორტყმული აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანის ორგანიზებაში. ამის შესახებ გუტერეშის პრეს მდივანმა განაცხადა.
“პრეზიდენტი პრინციპში თანახმაა გაეროს და წითელი ჯვრის კომიტეტის მონაწილეობაზე მარიუპოლის აზვოსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში“ –ციტირებს მას რუსული სააგენტო რია ნოვოსტი.
პრეს მდივნის თქმით, დეტალებს, როგორ მოხდება ევაკუაციის ორგანიზება გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამმართველო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან განიხილავს.
სამშაბათს მოსკოვში ჩასულმა გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას რუსეთის უკრაინაში შეჭრას გაეროს წესდების დარღვევა უწოდა და შესთავაზა პუტინს შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი ჰუმანიტარული კორიდორების ორგანიზებისთვის.
პუტინმა მას უპასუხა, რომ კორიდორები სინამდვილეში გახსნილია, აზოვსტალზე შეტევა არ მიმდინარეობს, რადგან მან ბრძანება გასცა შტურმი შეწყვეტილიყო, სამოქალაქო პირებს კი სამხედროები ქარხნის ტერიტორიაზე ცოცხალ ფარად იყენებენ.
პუტინმა ასევე თქვა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები ონლაინ ფორმატში გრძელდება, ასევე თქვა, რომ რუსეთი იძულებული იყო დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობა ეღიარებინა, რათა იქ გენოციდი შეეწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ თავად დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების მონაცემებით 2021 წელს იქ 8 სამოქალაქო პირი დაიღუპა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად კი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მონაცემებით უკვე დაიღუპა 2665 სამოქალაქო პირი, მათ შორის 195 ბავშვი.