პუტინი სამხრეთ აფრიკაში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად არ ჩავა – Reuters

გამოცემა Reuters-ი, 19 ივლისს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დათანხმდა, რომ Brics-ის სამიტს პირადად არ დაესწრება.

“ორმხრივი შეთანხმებით, პრეზიდენტი პუტინი სამიტს არ დაესწრება. რუსეთის ფედერაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარმოადგენს”. – ნათქვამია განცხადებაში.

18 ივლისს გავრცელდა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას სიტყვები, რომ პუტინის დაკავების შემთხვევაში მისი ქვეყანა რუსეთთან ომის საფრთხის წინაშე დადგება.

“რუსეთთან ომში ჩართვის გარისკვა ჩვენს კონსტიტუციასთან შეუსაბამო იქნება”. – დასძინა პრეზიდენტმა.