პუტინი ფიქრობდა, რომ დაგვაშანტაჟებდა და ჩვენ მუხლებზე დავეცემოდით. ყველაფერი პირიქით მოხდა – ლაიენი

დახმარების გაზრდა უკრაინისთვის და რუსეთის დამარცხების აუცილებლობა – მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის მეორე დღე კვლავ ძირითადად უკრაინის საკითხს დაეთმო. შაბათს მთავარი სპიკერები სხვადასხვა დისკუსიებში ევროკომისიის პრეზიდენტი , ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტი კამალა ჰარისი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი იყვნენ.

ევროპაში გეოპოლიტიკური ცვლილებების შესახებ დისკუსიაში, რომელსაც ცნობილი ჟურნალისტი, კრისტიან ამანპური უძღვებოდა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირს სურს გააერთიანოს ძალები ბლოკის თავდაცვის ინდუსტრიასთან, რათა დააჩქაროს და გაზარდოს უკრაინისთვის საჭირო საბრძოლო მასალების წარმოება და შეავსოს ამოწურული მარაგები მისივე ქვეყნებში.

“მიდგომა, რომელიც ევროკავშირმა კოვიდ19–ის ვაქცინის წარმოების და გავრცელების დაჩქარებისას გამოიყენეს, შესაძლოა ახლაც სასარგებლო აღმოჩნდეს.
ჩვენ შეგვიძლია მოვიფიქროთ, მაგალითად, წინასწარი შესყიდვის ხელშეკრულებები, რომლებიც თავდაცვის ინდუსტრიას მისცემს შესაძლებლობას, ინვესტიცია განახორციელოს საწარმოო ხაზებში ახლა უფრო სწრაფად და გაზარდოს მიწოდების მოცულობა.“ – განაცხადა ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტს შეკითხვა დაუსვეს ენერგომატარებლების გლობალური ფასების ზრდის შესახებ, რაც თითქოსდა ბლოკის მიერ რუსული ენერგორესურსების ალტერნატიული წყაროების მოძიებით არის გამოწვეული, თუმცა ფონ დერ ლაიენმა ეს წინაპრობა უარყო და თქვა, რომ ნებისმიერ მსგავს ცვლილებებს ენერგეტიკულ ბაზარზე წინ ყოველთვის სხვა, უფრო ცვლილება უძღვის.

“არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ დაიწყო ენერგოკრიზისი. ევროკავშირის მეტისმეტი დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე, ცხადია იყო. თუმცა, ეს იყო ვლადიმერ პუტინი, ვინც რვა თვის განმავლობაში 80%–ით შეამცირა ევროკავშირისთვის გაზის მიწოდება. ეს იყო დიდი სტრატეგიული შეცდომა. ის ფიქრობდა, რომ დაგვაშანტაჟებდა და ჩვენ მუხლებზე დავეცემოდით. ყველაფერი პირიქით მოხდა . ახლა ჩვენ მთლიანად დავძლიეთ რუსულ გაზზე დამოკიდებულება.“ – განაცხადა ლაიენმა.