შესაძლოა, პუტინი ცდილობდეს უკრაინაში “კორეული” სცენარის განვითარებას – დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობდეს უკრაინაში “კორეული“ სცენარის განვითარებას, რაც უკრაინის ოკუპირებულ და არაოკუპირებულ ნაწილებად გაყოფას გულისხმობს.

„კიევის მახლობლად წარუმატებლობისა და უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების დამხობის შეუძლებლობის შემდეგ, პუტინი უკვე ცვლის ძირითად საოპერაციო მიმართულებებს – სამხრეთითა და აღმოსავლეთით. არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ის განიხილავს უკრაინაში “კორეულ” სცენარს, ანუ შეეცდება ჩვენი ქვეყნის არაოკუპირებულ და ოკუპირებულ რეგიონებს შორის გამყოფი ხაზი დააწესოს. ფაქტობრივად, ეს არის ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის შექმნის მცდელობა უკრაინაში. ბოლოსდაბოლოს, ის ნამდვილად არ არის იმ მდგომარეობაში, რომ გადაყლაპოს მთელი ქვეყანა“, – განაცხადა კირილო ბუდანოვმა.

მისივე განმარტებით, ყირიმში სახმელეთო დერეფნის მოწყობის საკითხი კვლავ აქტუალურია რუსეთისთვის, მაგრამ ამ გეგმის განხორციელების მთავარი პრობლემა ურყევი მარიუპოლია.

„ოკუპანტები შეეცდებიან, გააერთიანონ ოკუპირებული ტერიტორიები ერთ კვაზისახელმწიფოებრივ ერთეულში, რომელიც დაუპირისპირდება დამოუკიდებელ უკრაინას. ჩვენ უკვე ვხედავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე “პარალელური“ ხელისუფლების შექმნის მცდელობებს და ხალხის იძულებას, უარი თქვან გრივნაზე. მათ შეიძლება მოინდომონ საერთაშორისო დონეზე ვაჭრობა.

მაგრამ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგობა და აქციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შეიარაღებული ძალების კონტრშეტევები და ეტაპობრივი გათავისუფლება მნიშვნელოვნად ართულებს მტრის გეგმების განხორციელებას. გარდა ამისა, სულ მალე დაიწყება ტოტალური, უკრაინული პარტიზანული სეზონი. მაშინ რუსებს ერთი სცენარი დარჩებათ – როგორ გადარჩნენ”,– თქვა დაზვერვის ხელმძღვანელმა.