პუტინმა განმარტა, რატომ არ ულოცავს  ბაიდენს აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერპუტინმა პირველად დაასახელა მიზეზები, რის  გამოც ჯერ კიდევ არ მიულოცავს აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ჯო ბაიდენისთვის. მისი თქმით, ამაში  “ქვენა გრძნობები„ არ უნდა ვეძებოთ და საქმე მხოლოდ “პოლიტიკურ ტრადიციას“ ეხება.

“ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერ ადამიანთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ნდობას გამოუცხადებს, თუმცა ვის გამოუცხადა ნდობა – ეს ან პოლიტიკური ტრადიციის მიხედვით უნდა დადგინდეს, როცა ერთ–ერთი მხარე მეორის გამარჯვებას აღიარებს, ან ლეგიტიმური, სამართლებრივი გზით საბოლოო შედეგების შეჯამება უნდა მოხდეს“ – განაცხადა პუტინმა რუსეთის ტელეარხ “რასია1“–ზე გადაცემაში “მოსკოვი. კრემლი. პუტინი“

“არანაირი პრობლემა არ გვაქვს. უბრალოდ სუფთა ფორმალური რაღაცეები დამკვიდრებული პრაქტიკისა და საქმის იურიდიული მხარის გათვალისწინებით უნდა გაკეთდეს. არანაირი ქვენა აზრი ამ ამბავში არ არის, რაც შემდგომში ჩვენი ურთიერთობების შერყევის საფუძვლად გამოდგებოდა. ეს საქმის სუფთა ფორმალური მხარეა“– თქვა მან.

13 ნოემბერს ჩინეთმა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ აშშ–ს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გამარჯვება მიულოცა. ამგვარად, პუტინი მსოფლიოს მსხვილ სახელმწიფოთა ლიდერებს შორის ერთადერთია, ვინც ჯერ კიდევ თავს იკავებს ბაიდენის გამარჯვების აღიარებისგან.

რუსეთის ხანგრძლივი დუმილი ამხელა ყურადღებას იმიტომ იქცევს, რომ 2016 წელს პუტინი ერთ–ერთი პირველი ლიდერი იყო, ვინც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა.

9 ნოემბერს პუტინის პრეს მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მილოცვა არჩევნების შედეგების ოფიციალური შეჯამების შემდეგ მოხდება.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდმა საჩივრების მთელი პაკეტი შეიტანა არჩევნების შედეგების ან ბიულეტენთა ნაწილის გაბათილების შესახებ იმ შტატებში, სადაც დემოკრატები ლიდერობენ. თუმცა ჯერჯერობით არცერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ ტრამპი პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს.