რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს შეცვლა გადაწყვიტა და ის თანამდებობიდან მოხსნა.
შოიგუს შემცვლელად პუტინმა ფედერაციის საბჭოს წარუდგინა მთავრობის მეთაურის პირველი მოადგილის ანდრეი ბელუსოვის კანდიდატურა, სერგეი შოიგუ კი პუტინის ბრძანებულებით უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას „რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის შესახებ“, რომლითაც შოიგუ დაინიშნა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნად.
დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.
კიდევ ერთი ბრძანებულება პატრუშევს ეხება. ამ ბრძანებულებით პუტინმა ნიკოლაი პატრუშევი გაათავისუფლა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან „სხვა სამუშაოზე გადაყვანის გამო“.
კრემლის პრესმდივანმა, პესკოვმა თქვა, რომ პუტინმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პირი უნდა ხელმძღვანელობდეს და უწყება გახსნილი უნდა იყოს ინოვაციებისა და მოწინავე იდეებისთვის.