პუტინმა ისრაელის პრემიერს ლავროვის განცხადების გამო ბოდიში მოუხადა – მედია

პუტინმა ისრაელის პრემიერ მინისტრს, ნაფტალი ბენეტს სერგეი ლავროვის ანტისემიტური განცხადების გამო ბოდიში მოუხადა.

„პრემიერმა მიიღო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში ლავროვის კომენტარებისთვის და მადლობა გადაუხადა მას პრეზიდენტის შეხედულების გარკვევისთვის ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნის შესახებ“, – ნათქვამია ბენეტის ოფისის განცხადებაში, რომელსაც Times Of Israel ავრცელებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ლავროვმა ინტერვიუში ზელენსკიზე საუბრისას განაცხადა, რომ “ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები ებრაელები არიან”.

“ჩემთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რას უარყოფს ან არ უარყოფს პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი. მას აქვს “შვიდი პარასკევი კვირაში”, როგორც იტყვიან. ერთი დღის განმავლობაში მას შეუძლია რამდენჯერმე შეცვალოს პოზიცია. […]

ის აყენებს არგუმენტს: ნაციზმი როგორ შეიძლება ჰქონდეს, რადგან ის ებრაელია. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა. აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან. “ოჯახს ჰყავს თავისი შავი ცხვარი”, როგორც იტყვიან”,- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვის ამ განცხადებას როგორც ისრაელში, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას “უპატიებელი” უწოდა და ლავროვს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

ისრაელმა რუსეთის ელჩი ანატოლი ვიქტოროვი ორშაბათს დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ კომენტარზე განმარტების მისაღებად.