რუსეთის პრეზიდენტმა იცის, რომ მისი მთავარი მრჩევლები უმალავენ ინფორმაციას უკრაინასთან ომში რუსული არმიის კრახის შესახებ, სამხედროების დიდი დანაკარგისა და დასავლეთის სანქციების რუსულ ეკონომიკაზე მძიმე გავლენის შესახებ. პუტინს შესაძლოა ეს არ მოწონდეს, მაგრამ მათ სისტემაში ყველა ცრუობს – ზემდგომები ქვეშევრდომებს ატყუებენ, ქვეშევრდომები ზემდგომებს. ამის შესახებ ნატოს ყოფილმა სამხედრო მეთაურმა, გენერალმა უესლი კლარკმა ამერიკულ ტელეარხ “CNN”–თან ინტერვიუში განაცხადა.
უესლი კლარკი თვლის, რომ რუსული სისტემა აიძულებს სამხედრო მეთაურებს და პრეზიდენტის მრჩევლებს ომის შესახებ იცრუონ. მისი თქმით, ისინი ერთმანეთსაც ატყუებენ და ვლადიმერ პუტინსაც, რადგან ეშინიათ, რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში სიცოცხლეს გამოასალმებენ. ის დასძენს, რომ რუსულ არმიაში ეს ნორმალური მოვლენაა, ამას ასწავლიან ჯარისკაცებს, თავად ეს მოვლენა კი საბჭოთა დროიდან მოდის.
“თუ სიმართლეს იტყვი და ეს არ გაამართლებს, პირველს დაგხვრეტენ… მათ იციან, როგორი ურთიერთობა უნდა ქონდეთ ერთმანეთთან და ამისგან პრობლემას არ ქმნიან. ჩვენთვის ეს შოკია, მათთვის კი არა, და პუტინმა ეს იცის. ის ძალაუფლების სათავეში ზუსტად ადამიანების მოტყუებით მივიდა და იცის, როგორ მუშაობს სისტემა.“
შეგახსენებთ, 31 მარტს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის დეზინფორმირების რამდენიმე ფაქტორი არსებობს. ამერიკის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ პუტინმა „თვითიზოლაციას“ მიმართა, უკრაინაში „სპეცოპერაციის“ ჩავარდნის გამო კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში გაუშვეს რამდენიმე მრჩეველი.
30 მარტს ერთ–ერთმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინმა არ იცის ფრონტზე არსებული რეალური ვითარების შესახებ. მისი თქმით, მრჩევლები მას დეზინფორმაციას აწვდიან და უმალავენ სიმართლეს უკრაინაში რუსული არმიის მარცხის, ასევე რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების დამანგრეველი გავლენის შესახებ.