პუტინმა ნავალნის მოკვლა ჯერ შხამით სცადა და ვერ შეძლო, ახლა კი ციხეში ნელა და საჯაროდ მოკლა – გარი კასპაროვი

გარი კასპაროვის და ალექსეი ნავალნის (1976-2024) საარქივო ფოტოსურათი, ოპოზიციის მიტინგის წინ, 2012 წლის იანვარში.

“პუტინმა ნავალნის მოკვლა ჯერ შხამით სცადა, ახლა კი ციხეში ნელა და საჯაროდ მოკლა” – ასე ეხმაურება, მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გარი კასპაროვი, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საპატიმროში გარდაცვალებას.

”პუტინმა ნავალნის მოკვლა ჯერ სწრაფად და ფარულად, შხამით სცადა და ვერ შეძლო, ახლა კი ციხეში ნელა და საჯაროდ მოკლა. ის მოკლეს პუტინისა და მისი მაფიის, თაღლითებისა და ქურდების გამოვლენის გამო. ჩემი ფიქრები ამ მამაცი კაცის ცოლ-შვილთან არის.” – აცხადებს კასპაროვი.

ცნობისთვის, დღეს 16 თებერვალს, რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი საპატიმროში გარდაიცვალა.

“16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკარგა გონება”. – ნათქვამია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ  ნავალნის სიკვდილის შესახებ, უკვე აცნობეს პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს. “რამდენადაც ვიცი ფედერალური პენიტენციური სამსახური ყველა მოქმედი წესის დაცვით არკვევს მომხდარის დეტალებს. საქმე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მითითებებს, ვინაიდან ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს განსაზღვრული წესები. არ ვიცი სიკვდილის მიზეზი, მედიკოსებმა უნდა დაადგინონ”. – ამბობს პესკოვი.

ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში დააკავეს. ნავალნი ბოლოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.