პუტინმა უფროს ქალიშვილს რუსეთიდან გასვლა აუკრძალა–მედია
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უფროს შვილს, მარია ვორონცოვას 37 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად ერთ–ერთ “მეგობრულ ქვეყანაში“ გასვლა აუკრძალა. სავარაუდოდ საუბარია დუბაიზე. ამის შესახებ Daily Mail წერს.
ვორონცოვა, რომელიც ბავშვთა იშვიათი გენეტიკური დაავადებების ექსპერტია, ინსაიდერების თქმით “ერთ–ერთ მეგობრულ ქვეყანაში“ დაბადების დღის აღსანიშნავად მის ბოიფრენდთან, 33 წლის ევგენი ნაგორნისთან ერთად წასვლას გეგმავდა, თუმცა რუსეთის დატოვება აუკრძალეს.
მედია წერს, რომ პუტინმა მას საზღვარგარეთ გაფრენა აუკრძალა, რადგან შიშობს, რომ ის უკან აღარ დაბრუნდება.
“პუტინმა კატეგორიული უარი უთხრა და მარიას დაცვა გააძლიერა. ჩვენი მონაცემებით, პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი რუსეთში დაბრუნებას აღარ აპირებდა“– წერს რუსული ტელეგრამ არხი General SVR კრემლის წყაროებზე დაყრდნობით.
წარსულში მარია გათხოვილი იყო ნიდერლანდების მოქალაქე იორიტ ფაასენზე და საზღვარგარეთ ცხოვრობდა. თუმცა ქმარს გაშორდა და ახლა მოსკოვში ცხოვრობს. მარიას ყავს შვილი– ბიჭი, რომელსაც ცოტა ხნის წინ 8 წელი შეუსრულდა. ფაასენი მაღალ პოსტებს იკავებდა რუსულ სახელმწიფო კორპორაციებში და პუტინის ახლო წრის წევრების კუთვნილ კომპანიებში. ახლა ის რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილთან ურთიერთობას უარყოფს.
ცოტა ხნის წინ ვორონცოვა სანკტ პეტერბურგთან სამედიცინო ცენტრის აშენებას გეგმავდა მდიდარი უცხოელებისთვის, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს მშენებლობა შეჩერდა.
პუტინის ქალიშვილებზე ტრადიციულად ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. მათი ანონიმურობის დასაცავად მარია და კატერინა სხვა გვარითაც კი სარგებლობდნენ, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბევრ საიდუმლოს აეხადა ფარდა. პუტინის ქალიშვილების წინააღმდეგ შეიძლება ევროკავშირმა სანქციები შემოიღოს.
მარია ვორონცოვა შედარებით საჯარო ფიგურა იყო, ვიდრე მისი და.ის ხშირად გამოდიოდა ტელევიზიით სამედიცინო ექსპერტის რანგში.
მისი ახალი ბოიფრენდის, ევგენი ნაგორნის შესახებაც ბევრი არაფერია ცნობილი. ის 2010–იანების დასაწყისში სოციალურ ქსელებში ოპოზიციურ ვიდეორგოლებს აქვეყნებდა, თუმცა შემდეგ სოციალური ქსელებიდან გაქრა. მუშაობდა გაზის მომპოვებელ კომპანია “ნოვატეკში“ და შეიძინა ძვირადღირებული ბინა მოსკოვში.
სად გაიცნო მარია, უცნობია. რადიო თავისუფლების ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ მას და პუტინის ქალიშვილს საერთო შვილიც კი ყავთ. ის მამის გვარზეა.
ერთად ვორონცოვა და ნაგორნი 2019 წელს მათი საერთო მეგობრების – მოსკოველი ექიმების, ოლესია საგაიდაკის და მაქსიმ მიტროშკინის ქორწილში მივდნენ, რომელიც სალერნოში შედგა.