რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების ორი ძირითადი პირობა დაასახელა: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან უკრაინული ჯარების გაყვანა, ასევე კიევის უარი ნატოში გაწევრიანებაზე. განცხადება შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტის დაწყების წინა დღეს გაკეთდა, სადაც რუსეთი არ არის მიწვეული. კიევში პუტინის წინადადებას არარეალური უწოდეს.
„როგორც კი კიევი გამოაცხადებს, რომ მზადაა და დაიწყებს ჯარების რეალურ გაყვანას [დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიებიდან] და ასევე გამოაცხადებს უარს ნატოში გაწევრიანებაზე, ჩვენ დაუყოვნებლივ გავცემთ ბრძანებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დავიწყებთ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე (ციტატა რია ნოვოსტიდან).
ამასთან, მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ უკრაინულმა ჯარებმა მთლიანად უნდა დატოვონ ამ რეგიონების ტერიტორიები, თუმცა, როგორც ცნობილია, რუსეთის ჯარები მათ მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებენ.
„და მე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება: ზუსტად ამ რეგიონების მთელი ტერიტორიიდან მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში, რომელიც არსებობდა მათი უკრაინაში შესვლის დროს“, – თქვა მან.
გარდა ამისა, უკრაინამ უნდა მიატოვოს ნატო-ში გაწევრიანების გეგმები, ჰქონდეს „ნეიტრალური, მიუმხრობელი, ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სტატუსი“, უზრუნველყოს რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებები, მოახდინოს „დენაციფიკაცია“, „დემილიტარიზაცია“ და აღიაროს „ახალი ტერიტორიული რეალობა“, თქვა პუტინმა.
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შეთანხმებები საერთაშორისო ხელშეკრულებებში უნდა დაფიქსირდეს და გარდა ამისა, რუსეთის მიმართ დაწესებული ყველა სანქცია უნდა მოიხსნას.
პუტინი ირწმუნება, რომ ამ შემთხვევაში უკრაინაში კონფლიქტი არა მხოლოდ გაიყინება, არამედ საბოლოოდ დასრულდება. ის ურაინის ჯარებს ტერიტორიებიდან უსაფრთხოდ გაყვანის უზრუნველყოფას დაპირდა.
სამშვიდობო სამიტის წინ
პუტინმა კონფლიქტის დასრულების პირობები უკრაინის მიერ ორგანიზებული სამშვიდობო სამიტის წინ გამოაცხადა, რომელიც შაბათს შვეიცარიაში, ბიურგენსტოკში იწყება.
შვეიცარიის მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ სამშვიდობო სამიტს 100 დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 92 ქვეყანა და რვა ორგანიზაცია. თუმცა მასზე რუსეთის წარმომადგენლები არ არიან მიწვეული. ამასთან, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ჩინეთმა, ბრაზილიამ და საუდის არაბეთმა.
სამშვიდობო სამიტზე დისკუსიები ორ დღეს გაგრძელდება და სავარაუდოდ, საბოლოო კომუნიკეს მიღებით დასრულდება, რომელიც “უკრაინის მშვიდობის ფორმულის” სამ პუნქტს შეეხება : სურსათის უსაფრთხოებას, რადიაციულ და ბირთვულ უსაფრთხოებას, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებს- ყველა პატიმარის და დეპორტირებულის, მათ შორის უკრაინელი ბავშვების გათავისუფლება.
სავარაუდოდ ეს გადაწყვეტილებები მოსკოვს შუამავალი ქვეყნების დახმარებით ეცნობება, რომლებიც განახორციელებენ „შუამავლობას რუსეთსა და უკრაინას შორის“ იმ სქემის მიხედვით, რომელიც წარსულში მუშაობდა „მარცვლეულის დერეფნის“ შექმნაზე მოლაპარაკებების დროს.
ჯერჯერობით უცნობია შეიტანს თუ არა პუტინის განცხადება სამიტის დღის წესრიგში ცვლილებებს.
უკრაინის და დასავლეთის რეაქცია
პუტინის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის ულტიმატუმი, რომლის ნდობაც შეუძლებელია, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ. მისი აზრით, პუტინი არ შეწყვეტს სამხედრო შეტევას, მაშინაც კი, თუ მისი მოთხოვნები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდება: „ეს არის იგივე გზავნილები, რაც ჰიტლერს ჰქონდა… ასი წელი არ გასულა მას შემდეგ, რაც მან თქვა: „მომეცით ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და ამით დასრულდება ყველაფერი.” არა, ეს ისტორიულად ტყუილია. ამის შემდეგ იყო პოლონეთი: „მომეცით პოლონეთის ნაწილი“. ამის შემდეგ მოხდა მთელი ევროპის ოკუპაცია“.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინის ყველა ულტიმატუმი მოსკოვის მიერ არაერთხელ არის გაჟღერებული და ბოლო განცხადებებში არაფერია ახალი. ამასთან, უკრაინის საგარეო ყურადღებას ამახვილების მათი გამოცხადების დროზე. „შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტის წინა დღეს ასეთი სიგნალების გაშვებით, პუტინს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – ხელი შეუშალოს მსოფლიო ლიდერებს და ქვეყნებს ამ სამიტში მონაწილეობაში. ის ფაქტი, რომ პუტინის განცხადებები სამიტამდე ერთი დღით ადრე გაჩნდა, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს ეშინია რეალური მშვიდობის“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა, რუსეთის პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ პირობებს უწოდა „აგრესორების სტანდარტული ნაკრები“, რომლის შინაარსი „უკიდურესად შეურაცხმყოფელია საერთაშორისო სამართლისთვის“ და მეტყველებს „ რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობის უუნარობაზე ადეკვატურად შეაფასოს რეალობა.
ვლადიმირ პუტინის წინადადებას უკრაინის დასავლელი მოკავშირეებიც აკრიტიკებდნენ .
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „უკრაინის ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს არა უკრაინამ, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები ოკუპირებული უკრაინული მიწიდან“. მან პუტინის მიერ გაჟღერებულ პუნქტებს უწოდა “არა მშვიდობის წინადადება”, არამედ “მეტი აგრესიის, მეტი ოკუპაციის წინადადება”. „ეს ცხადყოფს, რომ რუსეთის მიზანია უკრაინის კონტროლი და ეს იყო რუსეთის მიზანი ამ ომის დასაწყისიდან და ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ნატოს მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. – დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მოსთხოვოს უკრაინას ომის დასრულება“, განაცხადა პარასკევს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა. „მას არ შეუძლია უკარნახოს უკრაინას, რა უნდა გააკეთოს მშვიდობის მისაღწევად“, განუცხადა ოსტინმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში . მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს შეეძლო ომის დასრულება „დღესაც, თუ ამას გადაწყვეტდა“.