რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა გამარჯვების ზეიმის აღსანიშნავი აღლუმი 24 ივნისს ჩატარდეს. ის 9 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.
“ვბრძანებ დაიწყოთ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმისთვის მზადება როგორც რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ასევე სხვა ქალაქებში. ჩვენ ამას 24 ივნისს გავაკეთებთ, იმ დღეს, როცა 1945 წელს გამარჯვებულთა ლეგენდარული ისტორიული აღლუმი ჩატარდა“– თქვა პუტინმა თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვედრისას.
მან ასევე გამოთქვა სურვილი “უკვდავი პოლკის“ აქცია 26 ივნისს ჩატარდეს, თუმცა არ გამორიცა, რომ აქცია შესაძლოა უფრო მოგვიანებითაც გაიმართოს.
ბიბისი წერს, რომ აღლუმის ახალი თარიღის შესახებ მათ რამდენიმე ხნის წინ წყარომ აცნობა. ამავე წყაროს ცნობით კონსტიტუციის ცვლილებების კენჭისყრა შესაძლოა 24 ივნისსა და 9 ივლისს შორის პერიოდში გაიმართოს.
პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროს ცნობით ელექტორატის მობილიზაციისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განიხილავენ კონსტიტუციის ცვლილებებზე კენჭისყრისა და აღლუმის ერთ დღეს გამართვის სცენარსაც.
ამის შესახებ რამდენიმე რუსული გამოცემაც წერს. კონსტუციის ცვლილებებზე კენჭისყრა 22 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ჩაიშალა.
კომერსანტი კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ რუსი სამხედროები აღლუმის საკითხში უფრო სექტემბერზე იყვნენ ორიენტირებულები, სათადარიგო თარიღად კი 7 ნოემბერი სახელდებოდა. სწორედ ამ დღეს გაიმართა წითელ მოედანზე აღლუმი 1941 წელს, საიდანაც მონაწილეთა დიდი ნაწილი პირდაპირ ფრონტზე წავიდა.
პუტინი ამბობს, რომ რუსეთში კორონავირუსის პიკმა უკვე გადაიარა. ოფიციალური სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ პიკზეა. ბოლო დღეღამის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ მაქსიმუმს– 174–ს მიაღწია. ასეთი რიცხვი პანდემიის დაწყებიდან რუსეთში არ ყოფილა. ახალ დარეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობამ წინა დღეებთან შედარებით ოდნავ იკლო და 8915 შეადგინა. სულ რუსეთში362,342 დაინფიცირებულია. გარდაცვლილია 3807 ადამიანი. რუსეთის მოსახლეობა ბოლო აღწერის შედეგებით 145,928,485–ს შეადგენს.
სამთავრობო სააგენტოების ცნობით მან ბრძანება გასცა აღლუმის მონაწილეების ჯანმრთელობისთვის ნებისმიერი რისკი გამოირიცხოს.