რუსეთის პრეზიდენტი ფსონს იმაზე დებს, რომ ენერგომატარებლების ფასის სწრაფი ზრდა და გაზის შესაძლო დეფიციტი აიძულებს ევროპას უკრაინა დაარწმუნოს სამშვიდობო შეთანხმება რუსული პირობებით დადოს. ამის შესახებ როიტერი კრემლთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს. მათი თქმით, რუსული ელიტა თვლის, რომ ეს არის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ერთადერთი შესაძლებლობა იმის გათვალისწინებით, რომ კიევი არ აპირებს მოლაპარაკებებზე წასვლას, სანამ რუსული არმია უკრაინის მთელ ტერიტორიას არ დატოვებს.
თავის მხრივ, რუსეთს სამშვიდობო შეთანხმებით უნდა გაიმყაროს უკრაინის ახლად ოკუპირებული ტერიტორიები და მთელი დონბასი. ასევე, აიძულოს კიევი სამხედრო ნეიტრალიტეტი დაიცვას.
“ჩვენ დრო გვაქვს, შეგვიძლია მოვიცადოთ“– უთხრა ერთ–ერთმა თანამოსაუბრემ ჟურნალისტებს– ეს რთული ზამთარი იქნება ევროპელებისთვის. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ პროტესტი, არეულობები. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი კარგად უნდა დაფიქრდეს, სანამ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და გადაწყვიტონ, რომ უკვე მოვიდა გარიგების დრო“.
მეორე წყაროს თქმით, მოსკოვი თვლის, რომ ევროპული ერთობა უკვე ირღვევა და ელის, რომ ეს პროცესი ზამთრის დადგომასთან ერთად დაჩქარდება.
ამავე დროს, აშშ–ს ოფიციალური პირები ანონიმურობის პირობით ჟურნალისტებს უყვებიან, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავენ ვერანაირ ნიშნას იმისა, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა შეირყევა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსეთის გეოპოლიტიკურმა დაპირისპირებამ დასავლეთთან ენეგომატარებლების ფასი რეკორდულად გაზარდა. ევროკავშირმა აკრძალა რუსული ქვანახშირის იმპორტი და მოიწონა ნედლი ნავთობის იმპორტის ნაწილობრივი აკრძალვა, რათა მოსკოვი ომის გაჩაღების გამო დაესაჯა. რუსეთმა საპასუხოდ მკვეთრად შეამცირა გაზის ექსპორტი ევროპაში. კრემლი გაზის მიწოდების შემცირების მიზეზად ტექნიკურ პრობლემებს, დასავლეთის სანქციებს და ზოგიერთი ქვეყნის უარს ასახელებს გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე.
ამასთან, რუსეთის ხელმძღვანელობა უარყოფს, რომ გაზი მათთვის პოლიტიკური შანტაჟის იარაღად იქცა.
ევროპული მთავრობები გაზის ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ, ასევე ნერგავენ ენერგოდაზოგვის ზომებს, თუმცა მხოლოდ ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტების მცირე რაოდენობას სჯერა, რომ ასე ევროპა შეძლებს საკუთარი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს.
“კრემლს, რა თქმა უნდა, იმედი აქვს, რომ ჩვენ ომის მიმართ ინტერესს დავკარგავთ ჩვენი შუალედური არჩევნების გამო ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, რომელიც ახალ პრემიერს ირჩევს, გერმანიაში, რომელიც უსაშველოდ განიცდის გაზის გამო“– თქვა ამერიკელმა გადამდგარმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა, რომელიც წარსულში აშშ– ევროპული ძალების მეთაური იყო– ომი– ეს არის ლოჯისტიკის და ნებისყოფის გამძლეობის შემოწმება. შემოწმება ახლა იმაში მდგომარეობს, აღემატება თუ არა დასავლეთის ნება კრემლისას. ჩემი აზრით, პრობლემა ეს იქნება.
ჟურნალისტების თანმოსაუბრეები ამერიკის ადმინისტრაციიდან თვლიან, რომ პუტინს კვლავ უნდა თავდაპირველი მიზნის მიღწევა – კიევის დაპრყობა. ამასთან, ისინი ვერ ხედავენ ვერანაირ ნიშანს, რომ რუსეთი მზად არის დეესკალაციისთვის და თვლიან, რომ ომი გაჭიანურდება.
რუსეთის და უკრაინის არმიები უკვე კარგა ხანია ჩართულები არიან ომში გამოფიტვაზე. ვერცერთი მათგანი გადამწყვეტ გარღვევას ვერ ახერხებს. პოლონელი სამხედრო ანალიტიკოსი, კონრად მუზიკა დარწმუნებულია, რომ ომში ის გაიმარჯვებს, ვინც შეძლებს მკვეთრად გაზარდოს ფრონტებზე სამხედრო ტექნიკის და ცოცხალი ძალის რაოდენობა.
თუმცა, რაც უფრო ჭიანურდება ომი, მით უფრო იზრდება დასავლეთსა და უკრაინას შორის პრობლემების წარმოქმნის ალბათობა საწვავზე, გაზზე, ელექტროენერგიასა და კვების პროდუქტებზე ფასის ზრდის გამო.
“ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი ახლა უარყოფითი ხდება. უფრო რთული იქნება საკუთარ ბინებში სიცივისგან მოკანკალე მოქალაქეების მოტივირება, გადაიტანონ სირთულეები, თუ გამოკვეთილი არ იქნება, რომ უკრაინა იმარჯვებს.“– ამბობს ლონდონელი ანალიტიკოსი ცენტრ RUSI–დან მილ მევლინი.
ბრიტანეთის ყოფილი ელჩი რუსეთში, ტონი ბრენტონიც თვლის, რომ დასავლეთს რაღაც მომენტში შეიძლება მოუწიოს უკრაინას “საკმაოდ არასასიამოვნო კომპრომისებისკენ უბიძგოს“, თუ კიევი ფრონტზე გარღვევას ვერ მოახერხებს.
თუმცა, სამხეროები უკრაინელების პერსპექტივას ასე პესიმისტურად არ უყურებენ.
“ჩემი აზრით, რუსულმა ლოჯისტიკის სისტემამ საკუთარი თავი ამოწურა და ახლო მომავალში არ გაუმჯობესდება. უკრაინა წლის ბოლომდე თავისუფლად შეძლებს რუსების 23 თებერვლამდე ხაზებზე დაბრუნებას“–თვლის გენერალი ჰოჯესი.
თუმცა, მისი თქმით, ამისათვის მთავარი პირობა დასავლეთის მიერ აშშ–ს და ბრიტანეთის მეთაურობით, დაპირებების შესრულება და უკრაინის მხარდაჭერაა.