პუტინს საკუთარი ხალხის განსხვავებულ აზრზე მეტად არაფრის ეშინია! საშინელი შეხსენებაა იმისა, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი – ლაიენი ნავალნის სიკვდილზე

“პუტინს საკუთარი ხალხის განსხვავებულ აზრზე მეტად არაფრის ეშინია! საშინელი შეხსენებაა იმისა, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი” – ასე ეხმაურება, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას.

”ღრმად შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ამბით. პუტინს საკუთარი ხალხის განსხვავებულ აზრზე უფრო მეტად არაფრის ეშინია.  საშინელი შეხსენებაა იმისა, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი. მოდით, გავერთიანდეთ ბრძოლისას, რათა დავიცვათ მათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც გაბედავს ავტოკრატიის წინააღმდეგ წასვლას”. – აცხადებს ლაიენი.

ცნობისთვის, დღეს 16 თებერვალს, რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი საპატიმროში გარდაიცვალა.

  • “16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკარგა გონება”. – ნათქვამია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ  ნავალნის სიკვდილის შესახებ, უკვე აცნობეს პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს. “რამდენადაც ვიცი ფედერალური პენიტენციური სამსახური ყველა მოქმედი წესის დაცვით არკვევს მომხდარის დეტალებს. საქმე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მითითებებს, ვინაიდან ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს განსაზღვრული წესები. არ ვიცი სიკვდილის მიზეზი, მედიკოსებმა უნდა დაადგინონ”. – ამბობს პესკოვი.

ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში დააკავეს. ნავალნი ბოლოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.