პუტინს სურს ჯაშუშური ქსელის გააქტიურებით დიდ ბრიტანეთში ქაოსი დათესოს- The Sun

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს ბრიტანეთში ჯაშუშების რეკრუტირების გააქტიურება უბრძანა. ამის შესახებ გავრცელებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ტაბლოიდი The Sun იუწყება.

ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილმა წარმომადგენლებმა გამოცემას განუცხადეს, რომ მოსკოვის მთავარი მიზანი დიდ ბრიტანეთში ქაოსი იქნება. ამიტომ, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ „ადამიანებთან წვდომა და აგენტები საჭირო ადგილას გამოიყენოს“. ყოფილმა რუსმა ჯაშუშმა ბორის კარპიჩკოვმა მანამდე განაცხადა, რომ ამჟამად ვესტმინსტერში სულ მცირე 4 რუსი აგენტი მუშაობს.

ბრიტანეთში დეპუტატებს და მათ თანაშემწეებს მოუწოდეს სიფრთხილე შეინარჩუნონ კრემლთან ურთიერთობაში უკრაინაში ომის გამო. გამოცემის ჟურნალისტების მიერ მიღებულ ელ.წერილებში კრემლში რუსული წყარო ვარაუდობს, რომ რუსეთის ფედერაცია აძლიერებს მუშაობას ფარულ ჯაშუშებთან.

„მიზანია გააქტიურდეს ფარული მუშაობა საიდუმლო წყაროებთან ბრიტანული საზოგადოების ყველა სფეროში, ძირითადად ყველა რანგის საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკოსებს შორის, მათ შორის პარლამენტში მსხდომთა ჩათვლით“, – ნათქვამია წერილში.

ამავდროულად, აქცენტი, გამოცემის ცნობით, გაკეთდება ნაძირლების ძებნაზე, რომლებიც მზად არიან თავგანწირვისთვის და დათანხმდებიან დივერსიებში მონაწილეობას. ინსაიდერი წერილებში ასევე წერს, რომ პოტენციური აგენტების მოძიება შესაძლებელია რუსეთის საელჩოს დიპლომატიური პერსონალის მეთვალყურეობის გაძლიერებით.

MI5-ის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა ენი მაჰონმა თქვა, რომ მას ეჭვი არ ეპარება, რომ რუსები შეეცდებიან დიდ ბრიტანეთში შეღწევას და გამოდის გაფრთხილებით, რომ ეს უკრაინაში ომის გამო იქნება.  რუსეთის ფედერაცია გადასაბირებლად ეძებს ისეთ ადამიანებს, ვინც მისი პოლიტიკის მიმართ სიმპატიით არიან გაწყობილი და მათ უზარმაზარ ფულს შესთავაზებს .

„ისინი დიდად იქნებიან ფოკუსირებულნი დიდ ბრიტანეთზე… რათა მიიღონ ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება მთავრობის გულში, ჩვენი დამოკიდებულების შესახებ უკრაინის ომის მიმართ, ჩვენს ურთიერთობაზე უკრაინელებთან“, – ამბობს MI6-ის ყოფილი უფროსი სერ რიჩარდ დირლოვი.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს ავსტრიაში 4 რუსი დიპლომატი გააძევეს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილობის გამო. მათ ქვეყანა 8 თებერვლამდე უნდა დაეტოვებინათ.