იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ საზოგადოებრივი ტელევიზია RAI-ს პოლიტიკური შოუს Porta a porta-ს ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა რუსმა ხალხმა, მისმა პარტიამ და მინისტრებმა აიძულეს.
“რუსმა ხალხმა, მისმა პარტიამ, მისმა მინისტრებმა აიძულეს პუტინი ჩაეტარებინა ეს სპეცოპერაცია. […] საერთოდ არ მესმოდა, რატომ იყო კონცენტრირებული რუსული ჯარები უკრაინაში, თუმცა, ჩემი აზრით, ისინი მხოლოდ კიევის ირგვლივ უნდა დარჩენილიყვნენ”, – თქვა მან.
სილვიო ბერლუსკონის თქმით, რუსეთის გეგმა ერთ კვირაში კიევის აღება, ამჟამინდელი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის “ღირსეული ხალხის მთავრობით” შეცვლა იყო.