“პუტინს წარმოდეგენაც კი არ აქვს რა ელოდება“–ბაიდენის მიმართვა და ახალი საპასუხო ზომები

„თავისუფლება ყოველთვის ტრიუმფით გაიმარჯვებს ტირანიაზე“, – ამ სიტყვებით დაიწყო ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერისა და კონგრესის წინაშე თავისი პირველი ოფიციალური გამოსვლა. მისი სიტყვის პირველი ნაწილი სრულად უკრაინაში რუსეთის მეორე შეჭრის, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობისა და დასავლეთის პასუხის შესახებ საუბარს დაეთმო. მეორე ნაწილი კი ადმინისტრაციის მიღწევებსა და გეგმებს, პანდემიის მართვას, ეკონომიკას და სხვა შიდაპოლიტიკურ საკითხებს ეძღვნებოდა. პრეზიდენტის გამოსვლის პარალელურად ევროპის მიწაზე კვლავ რუსული ბომბები ცვიოდა. თავად ამერიკა კი ისევ კოვიდ პანდემიის, მზარდი ინფლაციისა და შიდა პოლარიზაციის პირისპირაა.

“პუტინი შეცდა. ჩვენ მზად ვიყავით” – ეს იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს საჰაერო სივრცეს უკეტავს.

„ექვსი დღის წინ ვლადიმერ პუტინმა სცადა შეერყია თავისუფალი სამყაროს საფუძველი, რადგან ფიქრობდა, რომ მას შეუძლია დაიმორჩილოს ის თავისი მუქარით. მაგრამ მან არასწორი გათვლა გააკეთა. იფიქრა, რომ მსოფლიო შეეგუებოდა ამას, ამის ნაცვლად კი მან მიიღო წინააღმდეგობის ის კედელი, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდა: ის შეხვდა უკრაინელ ხალხს“, – თქვა პრეზიდენტმა. მან უკრაინელთა სიმამაცეზე და მათ გულწრფელ წინააღმდეგობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათი ქმედება სამაგალითოა.

„პრეზიდენტი ზელენსკი და თითოეული უკრაინელი, მათი უშიშრობა, მათი სიმამაცე, მათი თავდადება მსოფლიოს შთააგონებს. მოქალაქეთა ჯგუფები ტანკებს წინ ეღობებიან, სტუდენტებიდან პენსიონერ მასწავლებლებამდე – ყველა ჯარისკაცებად იქცა, რომლებიც იცავენ საკუთარ სამშობლოს“, – თქვა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგის სიტყვებიც გაიმეორა და თქვა, რომ როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტს უთხრა, „სინათლე ყოველთვის გაიმარჯვებს სიბნელეზე“. ჯო ბაიდენი დარბაზში მყოფ უკრაინის ელჩსაც მიესალმა და უთხრა, რომ ამერიკელა დგას უკრაინელი ხალხის გვერდით. ოქსანა მარკაროვას დარბაზი ფეხზე წამოუდგა და მას დიდხანს უკრავდნენ ტაშს.

„ჩვენი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ეს გაკვეთილი ვისწავლეთ: როცა დიქტატორები არ იხდიან ფასს მათი აგრესიისთვის, ისინი მეტ ქაოსს იწვევენ. ისინი განაგრძობენ მოქმედებას და ამის საფასური და საფრთხე ამერიკისა და მსოფლიოსთვის ზრდას განაგრძობს… სწორედ ამიტომ შეიქმნა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, რათა უზრუნველეყო მშვიდობა და სტაბილურობა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამერიკა კი მისი წევრია სხვა 29 სახელმწიფოსთან ერთად, ეს მნიშვნელოვანია, ამერიკული დიპლომატია მნიშვნელოვანია. ამერიკის სიმტკიცე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრეზიდენტმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინაზე პუტინის რუსეთის თავდასხმას არანაირი გამართლება და ლეგიტიმური საფუძველი არ ჰქონდა. ვლადიმირ პუტინი კი შეცდა, როცა იფიქრა, რომ ეს მას ძვირად არ დაუჯდებოდა.

„პუტინის ომი იყო წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული. მან უარყო დიპლომატიური ძალისხმევა. მან იფიქრა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ. მან იფიქრა, რომ ის ჩვენ აქ, საკუთარ სახლში, დაგვყოფდა. პუტინი შეცდა. ჩვენ მზად ვიყავით“, – თქვა პრეზიდენტმა.

მან დასავლეთის მზაობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკა პარტნიორებთან ერთად „მასშტაბურად და სიფრთხილით“ ემზადებოდა და შეიქმნა „თავისუფლების მოყვარე ერების კოალიცია“, რომელიც აერთიანებს ქვეყნებს როგორც ამერიკისა და ევროპის, ისე, სხვა კონტინენტებზე.. ბაიდენმა საკუთარ წვლილსაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ პირადად ცდილობდა ევროპელი მოკავშირეების გაერთიანებას. ამერიკამ მსოფლიოს წინასწარვე გაუზიარა ის, რაც პუტინის გეგმების შესახებ მისთვის იყო ცნობილი და როგორ აპირებდა ყალბი მიზეზებით საკუთარი აგრესიის გამართლებას:

„ჩვენ რუსეთის ტყუილებს სიმართლით დავუპირისპირდით. ახლა, როცა მან ეს ნაბიჯი გადადგა, თავისუფალი სამყარო მას ამაზე პასუხს აგებინებს“, – თქვა ბაიდენმა და განმარტა, რომ ამერიკა, ევროკავშირის წევრები – გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სხვა ქვეყნები, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და შვეიცარიაც კი ახლა რუსეთის დასასჯელ ნაბიჯებს დგამენ და „მისთვის ტკივილის მიყენებას“ იწყებენ, რათა უკრაინელ ხალხს მხარი დაუჭირონ.

პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ ისაუბრა, რაც დაუყოვნებლივ აყენებს დარტყმას პუტინის „საომარ ფონდს“. მისი თქმით, მაშინ, როდესაც რუსული ვალუტა უკვე ერთი მესამედითაა გაუფასურებული, რუსული საფონდო ბირჟა კი ღირებულების 40 %-ს კარგავს, რუსი ოლიგარქები, რომლებიც ამ დრომდე მილიარდობით დოლარს შოულობდნენ ამ ძალადობრივი რეჟიმის პირობებში, ამას ვეღარ შეძლებენ. პრეზიდენტმა თქვა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი მუშაობს რუსი ოლიგარქების დანაშაულების გამოსაძიებლად. „რუსეთის ეკონომიკა [დაბლა] მიგორავს და ამაში დამნაშავე მხოლოდ პუტინია“.

ბაიდენი ამბობს, რომ მოკავშირეები უკრაინელ ხალხს „თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კუთხით ეხმარებიან. ამერიკა კი უკრაინას პირდაპირი დახმარების სახით 1 მილიარდ დოლარს აძლევს და დახმარება გაგრძელდება, რათა მათ შეძლონ ქვეყნის დაცვა და „ტანჯვის შემსუბუქება“.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკელი ჯარი არ ჩაერთვება უკრიანაში რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში, მაგრამ შეერთებული შტატები მზადაა „სრული და კოლექტიური ძალით“ დაიცვას ნატოს თითოეული მოკავშირე, თუკი ვლადიმირ პუტინი დასავლეთით „მოძრაობას გადაწყვეტს“. ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები მობილიზებულნი არიან ისეთი ქვეყნების დასაცავად, როგორებიცაა პოლონეთი, რუმინეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

„ჩვენ მოვლენებს ნათლად ვუყურებთ. უკრაინელები წინააღმდეგობას წევენ წმინდა სიმამაცით. მაგრამ მომდევნო დღეები, კვირები, თვეები მათთვის რთული იქნება. პუტინმა წამოიწყო ძალადობა და ქაოსი. მაგრამ სანამ ის ბრძოლის ველზე მოიპოვებს რამეს, ის გრძელვადიან პერსპექტივაში და განგრძობითად მაღალ ფასს გადაიხდის ამისთვის. ამაყი უკრაინელი ხალხი, რომელიც 30 წელია დამოიკიდეველია, განმეორებითად აჩვენებს, რომ ისინი არ შეეგუებიან არავის, ვინც ცდილობს მათი ქვეყანა უკან დახიოს. ამერიკელებს კი პატიოსნად ვეტყვი, როგორც ყოველთვის გპირდებოდით, რუსი დიქტატორი, რომელიც სხვა ქვეყანაში იჭრება, ამის საფასურს გადაიხდის“, – თქვა ამერიკის 46-3 პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენი ამერიკელ ხალხს დაჰპირდა, რომ მაშინ, როდესაც ამერიკა ცდილობს რუსეთის დასჯას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის, ის ყველა შესაძლო ზომას მიიღებს იმისთვის, რომ ამ სანქციებმა ამერიკული ბიზნესი და ამერიკელი მომხმარებლები არ დააზარალოს. მისი თქმით, მოკავშირეებთან ერთად, ამერიკამ მიაღწია იმას, რომ მსოფლიოს ნავთობის რეზერვიდან 60 მილიონი ბარელის გამოყენება მოხდება. ამერიკა კი, როგორც ამ ძალისხმევის ლიდერი, 30 მილიონ ბარელს გამოყოფს და თუ საჭირო იქნება, მეტსაც გააკეთებს.

„როცა ამ ეპოქის ისტორია დაიწერება, ითქმება, რომ პუტინის ომმა უკრაინასთან დაასუსტა რუსეთი და გააძლიერა დანარჩენი მსოფლიო“, – თქვა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ ამისთვის ნარ უნდა გამხდარიყო საჭირო ადამიანებისთვის ასეთი საშინელების ნახვა, მაგრამ ახლა ამას ყველა მკაფიოდ ხედავს. უკრაინელი ხალხის მხარდაჭერამ კი ათასობით ადამიანი არაერთი ქალაქის ქუჩებში გამოიყვანა მაშინ, როცა დასავლეთი გამორჩეულად ერთიანია.

„ამ ბრძოლაში დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, დემოკრატიები წინ უდგებიან ამ გამოწვევას და მსოფლიო მკაფიოდ ირჩევს მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარეს. ეს ნამდვილი გამოცდაა. ამას დრო დასჭირდება. დაე, კვლავ განვაგრძოთ შთაგონების მიღება უკრაინელი ხალხის რკინის ნებიდან. უკრაინელ ამერიკელებს, რომლებსაც აქვთ ღრმა კავშირი ამ ორ ერთან, გეტყვით, ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით. პუტინმა შეიძლება ალყა შემოარტყას კიევს ტანკებით, მაგრამ ის ვერასდროს მოიგებს უკრაინელი ხალხის გულსა და სულს. ის ვერასდროს ჩაახშობს თავისუფლებისადმი მათ სიყვარულს. ის ვერასდროს დაასუსტებს თავისუფალი სამყაროს სიმტკიცეს“, – ამ სიტყვებით დაასრულა ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა თავისი პირველი მიმართვა ერისა და კონგრესის წინაშე.

წყარო: ამერიკის ხმა