საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის ვინაობა არ ხმაურდება.
მსახიობის ადვოკატმა სააგენტო ფრანს პრესს დაუდასტურა, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება მართლაც მიმდინარეობს, თუმცა განაცხადა, რომ დეპარდიე სრულად უარყოფს ბრალდებებს და პროკურორების მოქმედებების შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ უნდა დარჩეს.
ორი წლის წინ მსახიობის ადვოკატმა ამ ბრალდებებს ასე უპასუხა: “ჟერარ დეპარდიე შეძრწუნებულია. ეს ბრალდებები წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც ის წარმოადგენს და იმასთან, რასაც ის პატივს სცემს.“
ფრანგული მედიის ინფორმაციით მსახიობმა დეპარდიეს წინააღმდეგ სარჩელი 2018 წლის აგვისტოს ბოლოს შეიტანა. 2019 წელს პარიზის პროკურორებმა ძიება დახურეს, მაგრამ 2020 წელს კვლავ განაახლეს.
ფორმალური გამოძიება დეპარდიეს წინააღმდეგ გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ამ პროცესის მიმდინარეობისას პროკურორებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა მსახიობისთვის ოფიციალური ბრალდების წაყენება საჭირო.
Le Monde–ის ინფორმაციით მსახიობი ქალის ოჯახი, რომელმაც დანაშაულის შესახებ განაცხადა დეპარდიეს იცნობს. “ამ ამბავს პროფესიონალურ ურთიერთობებთან საერთო არაფერი აქვს„– უთხრა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ.
ჟერარ დეპარდიე ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი მსახიობია. ის 180 ფილმში მონაწილეობდა.
2013 წელს დეპარდიემ საფრანგეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია, როცა ქვეყანა მდიდრებისთვის მაღალი გადასახადების მიმართ პროტესტის ნიშნად დატოვა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
2013 წელს მითვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებას პირადად ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.
მაშინვე დეპარდიე სარანსკში ჩავიდა, სადაც მორდოვიის ხელმძღვანელობამ მას ბინა ან სახლი შესთავაზა. იმავე თვეს მიანიჭეს “საპატიო უდმურტელის“ წოდება.
2013 წლის თებერვალში დეპარდიემ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვისგან რესპუბლიკის საპატიო მოქალაქის წოდება და გროზნოს ცენტრში ხუთოთახიანი ბინის გასაღები მიიღო. მოგვიანებით საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც მსახიობს ბინა ქონდა ხანძარი მოხდა.