“პირველ რიგში, გილოცავთ, თამარ ჟვანიას გაყალბების ეპოქა დასრულებულია, მაგრამ მეორე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს წინ – იმპლემენტაცია ყველა იმ რეფორმის, რომლის მიღებაც არ უნდოდა ქართულ ოცნებას და ჩვენ ყველამ ერთად ვაიძულეთ. ვულოცავ ამ გამარჯვებას სრულიად საქართველოს მოსახლეობას, სამოქალაქო სექტორს, ყველა ოპოზიციურ პარტიას.
შარლ მიშელის შეთანხმების შედეგია ეს ყველაფერი. 2 თვის წინ მე ყველას საჯაროდ ვეუბნებოდი, რომ თამარ ჟვანიას შენარჩუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობდა, იმდენად დაკნინებული იყო მისი იმიჯი. ეს აღსრულდა დღეს. სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმაზომიერად ჩვენ მივდივართ წინ. შარლ მიშელის დოკუმენტს აქვს თავისი აღსრულების მექანიზმები და ეს არის ეპოქალური გამარჯვება ბევრ პრობლემაზე”
განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ TV პირველის ეთერში.