არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები “კრიტიკულ ზღვარს” მიუახლოვდა. NGO–ები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას და ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები უმეტესად გამოუძიებელია.
მათი შეფასებით, 5 ივლისს, როდესაც 53 ჟურნალისტს სცემეს, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები აქციის ორგანიზატორებისა და მედიის დასაცავად.
“უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა”, — ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, ასევე სხვა ფუნდამენტური უფლებების რეალიზების მიზნით, საქართველოს მთავრობას მიმართავენ და მოითხოვენ:
- 2021 წლის 5 და 6 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმეებზე ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ დამნაშავე პირებს;
- ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან და ღიად დაუჭიროს მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას;
ასევე, მიმართავენ საქართველოს პარლამენტს:
- უახლოეს პერიოდში დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით და შეაფასოს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები;
- მკაფიოდ და არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები;
- მკაფიოდ გააკეთონ განმარტებები გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი — IDFI;
- ლიბერალური აკადემია თბილისი;
- მედიაკლუბი;
- მედიის განვითარების ფონდი;
- მედიის უფლებები;
- სატელევიზიო ქსელი;
- რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი — AB;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო;
- სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება — ISFED;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია — GYLA;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა — GDI;
- საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია — GRMA;
- საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია;
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
- უფლებები საქართველო;
- ღია საზოგადოების ფონდი — OSGF