ჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა – ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, საქართველოშიჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა  და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის.

“დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მოძალადეები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიას და ადამიანის უფლებათა სახლის ოფისებსაც.

შსს-ს ცნობით, ამ დღეს მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა.

2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა. ამასთან, სათანადოდ არ გამოუძიებია ეს საქმეები და არ მიუცია პასუხისგებაში ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილია.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკით საუბარს მედიის წარმომადგენლებთან და კვლავაც გამოუძიებელია მედიაზე თავდასხმის ათობით საქმე. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას.

ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია მედიის თავისუფლება და უსაფრთხოება.

ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.