“ჟურნალისტური საქმიანობით მოპოვებული ჩანაწერის გამოქვეყნების აკრძალვა დაუშვებელია”- ასე ეხმაურება, “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ვოკერია, ტვ პირველის ეთერით გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. მისი თქმით, ის და მთლიანად პარტია საზიანოდ მიიჩნევენ იმ ტიპის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას, რომლის კანონიერებაც დადგენილი არ არის.
“ივანიშვილის გარემოცვის და პოლიტიკური გუნდის უტიფრობა მათ მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა ააწყო და არც ერთი პოლიტიკური ციკლი არ გამოუტოვებია, რომ უკანონოდ მოპოვებული ფარული აუდიოჩანაწერები, მათ შორის ვითომ უკრაინის ვებ გვერდებზე განთავსებული ჩანაწერები გამოეყენებინა პოლიტიკური კამპანიისთვის, სისხლის სამართლის გამოძიებებს იწყებდნენ ამაზე დაყრდნობით, ბრალი აქვთ წარდგენილი ხალხისთვის. ამ ხალხმა ასეთ სიბინძურეზე ააწყო თავისი კამპანია და ახლა არიან ამით აღშფოთებულები?”. – თქვა ბოკერიამ.
ცნობისთვის, შაბათს, ტვ პირველის ეთერში გავიდა გადაცემის ანონსი, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი სავარაუდოდ სკოლის მოსწავლეების დაშინებაზე საუბრობდნენ. ანონსის გამოქვეყნებიდან მალევე ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა თქვა, რომ ჩანაწერი უკანონოდ არის მოპოვებული, ამასთან დამონტაჟებული და ფაბრიკაციაა და რომ ეს სააკაშვილის და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერაა.