შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, დაკავებულთაგან 10 პირი არასრულწლოვანია.
დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ხმოვანი და ცივი იარაღები.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ეპრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ორი ლიდერი – ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს.
მათთან ერთად ასევე დაკავებულია დაჯგუფებების კიდევ შვიდი წევრი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხსენებული იდეოლოგიის ჯგუფების სხვა წევრები აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საზოგადოების თითოეულ წევრს კი მოვუწოდებთ, მსგავსი დანაშაულების ელემენტარული ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა თავიდან ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებს შორის.
აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის პოლიციის თითოეულ თანამშრომელს, წარმატებულად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისათვის” – თქვა ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ.















