რაზეც სოზარ სუბარი საუბრობს, იყო ჩემი საარჩევნო დაპირება 2017 წელს – კალაძე

” რაზეც სოზარ სუბარი საუბრობს, იყო ჩემი საარჩევნო დაპირება 2017 წელს”-თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის, რაზეც სოზარ სუბარი საუბრობს, მისი საარჩევნო დაპირება იყო 2017 წელს.

“გუშინ არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა სოზარ სუბარის განცხადებას და კიდევ ერთხელ მინდა განმარტებები გავაკეთო: ის, რაზეც სოზარ სუბარი საუბრობს, ეს იყო ჩემი საარჩევნო დაპირება 2017 წელს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საარჩევნო დაპირებას ვასრულებთ, ვაკეთებთ და მომავალშიც, რა თქმა უნდა, მივყვებით ბოლომდე. ეს არის იმ სახლების დაკანონება, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში, ათეული წლებია ცხოვრობენ თავიანთი შვილებით, შვილიშვილებით, თაობები გამოზარდეს და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახორციელებდნენ დაკანონებას. ეს, რა თქმა უნდა, ვერ შეეხება იმ კონკრეტულ ქეისებს, როდესაც ხვალ ადამიანი ადგება, სახელმწიფო მიწას მიიტაცებს და შემდეგ იტყვის, რომ ეს ჩემიაო და მოვა, მოგვთხოვს დაკანონებას. ეს ორი განსხვავებული ქეისია, ეს ორი განსხვავებული მიმართულებაა. ის ჩვენი დაპირება რაც იყო, რაზეც ბატონი სუბარი საუბრობდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს დაპირებას ვასრულებთ და, რა თქმა უნდა, ბოლომდე გვერდით დავუდგებით იმ ადამიანს, რომელსაც სჭირდება თანადგომა”, -განაცხადა კალაძემ.