რაზე მიუთითებს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება – საგარეო პოლიტიკის ექსპერტის ანალიზი 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა.

”რუსეთმა უვიზო გააუქმა საქართველოსთან და ფრენებს აღადგენსო. არადა რუსეთის მოქალაქეები გამორბიან იქიდან იმის შიშით ჯარში არ გამიწვიონ და დახოცილ “ვაგნერელთან” ერთად პრიგოჟინმა არ იპოზიოროსო ჩემს წინო. რეალურად ეს სხვა რამეს მიუთითებს:

1. პოლიტიკური სიგნალია ხელისუფლებისათვის – მოკავშირედ აღგიქვამ და გაჯილდოებო;

2. პოლიტიკურ-ეკონომიკური სიგნალია – საქართველოს მარგინალურ ხიდად გამოყენება სურთ. გავლენიან ტიპებს დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობისას ერთ-ერთ დერეფნად თუკი კვიპროსი მიაჩნდათ ახლა საქართველოს გამოყენებასაც არ მოერიდებიან;

3. საერთაშორისო სიგნალია – საქართველო თქვენი (დასავლეთის/უკრაინის) მოკავშირე არ არის და თავს ნუ შეიწუხებთ რუსეთის გავლენის სფეროში ცხვირის ჩაყოფისაგანო;

4. ეკონომიკური სიგნალია – რუსეთი ცდილობს საქართველოს შუა აზიის რესპუბლიკების მსგავსად გადაქცევას – მაქსიმალური ეკონომიკური დამოკიდებულების შექმნას, სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტების რუსიფიკაციასა და სუვერენიტეტის შეზღუდვას.

ახლა, ამის საპასუხოდ ყველაზე კარგი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსი უნდა იყოს, რომელიც შეიძლება არც კი ეკუთვნის ხელისუფლებას, მაგრამ ნამდვილად ეკუთვნის ხალხს. მოტივაციისათვის ამაზე კარგი პოზიტიური სიგნალი არაფერი იქნებოდა”.-წერს კობერიძე.