რაზე შეთანხმდნენ – “რიონის ხეობის მცველების” და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

ნამახვანჰესისი მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. “რიონის ხეობის მცველების” ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მათ წამოაყენეს პირობები რომელთა შესასრულებლად მთავრობას 1 კვირიანი ვადა მისცეს. ამ პირობების შესრულების შემდეგ კი უკვე ისინი გააგრძელებენ მედიაციას. დღევანდელ შეხვედრაზე ნამოხვანჰესის კონტრაქტის შინაარსობრივი განხილვა არ ყოფილა.

“დღევანდელ შეხვედრაზე, 2 პირობა გვქონდა, აღებულიყო ბარიკადები გასულიყო პოლიცია და შეწყვეტილიყო სამუშაოები. ნაწილი ამ პირობების შეთანხმდა. ვგულისხმობ პოლიციის გასვლას ბარიკადების აღებას და ჩვენს შესვლას ხეობაში.  დავაყენეთ საკითხი ჩვენი დაკავებული ბიჭების. პროკურატურასთან მოწოდება გაკეთდება, მიმართავს ეკონომიკის სამინისტრო,  რომ უნდა იქნან გათავისუფლებულები ჩვენი თანამებრძოლები. ჩვნთვის ასევე მნიშვნელოვანია რომ შესაძლო დაკავებები რომელიც უნდა მოხდეს, რადგან დარჩენილი 8 ადამიანის, ჩვენი თანამებრძოლების, დაკავების საფრთხე კვლავ არსებობს, შესაბამისად უნდა შეწყდეს.

ასევე შევთანხმდით რომ თუ ეს პირობები შესრულდება შემდეგ პარასკევამდე, დადგება შემდეგი პირობების განხილვის საკითხი, რაც გულისხმობს სამუშაობის შეწყვეტას. ჩვენ ახლა ველოდები მათგან დეკლარირებულ პასუხს. ბარიკადები უნდა აიღონ და დავბრუნდეთ ჩვენი პროტესტის ადგილას. კონტრაქტის შინაარსობრივი მხარე არ ყოფილა დღეს განხილვაში რადგან ამაზე რომ გადავიდეთ ამისთვის ჯერ ამ პირობების შესრულებაა საჭირო. “- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.