ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ სან-ფრანცისკოს მახლობლად გამართულ შეხვედრაზე, რომ აღადგენენ პირდაპირ საკომუნიკაციო არხებს ორი ქვეყნის სამხედროებს შორის. ეს კავშირი ჩინელებმა გასულ წელს გაწყვიტეს აშშ–ს პალატის სპიკერის ტაივანში ვიზიტის შემდეგ.
სამხედროებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენის შესახებ შეთანხმება ბაიდენისა და სიის შეხვედრის შემდეგ ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ CCTV გაავრცელა.
„ჩვენს ჯარებს შორის კომუნიკაციის ხაზების ღიად შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან ეს თავიდან აგვაცილებს გაუგებრობას და შეცდომებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კრიზისი ან კონფლიქტი“, – განაცხადა პენტაგონის პრესსამსახურმა.
ჩინეთმა პირდაპირი საკომუნიკაციო არხები გაწყვიტა მას შემდეგ, რაც აშშ–ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი გასული წლის აგვისტოს ტაივანში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.
ამ ჟესტმა უკიდურესად აღაშფოთა პეკინი და გამოიწვია მისი ფართომასშტაბიანი წვრთნები ტაივანის გარშემო, კუნძულზე შეჭრის სიმულაციით.
ამავდროულად, თავმჯდომარე სიმ, როგორც თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით უთხრა, დაარწმუნა ბაიდენი შეხვედრაზე, რომ ჩინეთი არ ემზადება ტაივანში შეჭრისთვის და ურჩევნია მშვიდობიანი გაერთიანება, მაგრამ მაშინვე დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რა პირობებშია შეიძლება გამოიყენოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ძალა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საკომუნიკაციო ხაზები მუდმივად ღია იქნება არა მხოლოდ ჩინელ და ამერიკელ სამხედროებს შორის, არამედ სხვა დონეზე, მათ შორის თავად ლიდერებს შორის.
”მე და ის შევთანხმდით, რომ ორივეს შეგვიძლია ავიღოთ ტელეფონი, დავრეკოთ პირდაპირ და დაუყოვნებლივ გვიპასუხებენ,” – თქვა ბაიდენმა.
კითხვაზე, ენდობა თუ არა სი ძინპინს, ბაიდენმა ანდაზით უპასუზა: „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“, შემდეგ კი თქვა, რომ ის და სი ბევრჯერ შეხვდნენ, როდესაც ისინი ბარაკ ობამასა და ჰუ ძინტაოს დროს ვიცე-პრეზიდენტები იყვნენ და ის იცნობს სის, როგორც „პირდაპირ“. და გულწრფელი თანამოსაუბრეს.
სი ძინპინმა ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, წამყვანი ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელებთან სადილზე, განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის იყოს შეერთებული შტატების პარტნიორი და მეგობარი, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი არ უნდა განიხილოს, როგორც საფრთხე და რომ მთელ მსოფლიოს სჭირდება შეერთებული შტატებისა და ჩინეთის თანამშრომლობა და არა მტრობა.
ამასთან, როგორც მსოფლიო სააგენტოები იუწყებიან, სიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ უნდა ჩაერიოს ჩინეთის საშინაო საქმეებში.
სიმ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანად მიიჩნევს აშშ-ის პრეზიდენტთან შეთანხმებას ამერიკელებსა და ჩინელებს შორის კონტაქტების გაფართოებაზე სხვადასხვა დონეზე.
ზოგადი დათბობა
სამხედრო სფეროში კომუნიკაციების შესახებ შეთანხმების გარდა, ბაიდენი და სი, ჩინეთის სახელმწიფო პრესის თანახმად, შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც ითანამშრომლებენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამ უკანასკნელის შესახებ ამერიკული პრესა შეხვედრის წინ წერდა: შეერთებულ შტატებს სურს, რომ ჩინეთს დაეხმაროს ფენტანილის ინგრედიენტების მიწოდების არხების გათხრაში.
გარდა ამისა, პეკინი ამბობს, რომ ბაიდენი და სი შეთანხმდნენ შექმნან „დიალოგის მექანიზმები“ საგარეო პოლიტიკასა და გემების უსაფრთხოებაზე, ასევე გაზარდონ ფრენები, გაცვალონ სტუდენტები ორ ქვეყანას შორის და გააფართოვონ კავშირები განათლებაში, კულტურაში, სპორტსა და ბიზნესში.
რა სჭირდება პრეზიდენტ სის?
ჩინეთის ლიდერი შეერთებულ შტატებში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე ჩავიდა.
სი ძინპინგთან შეხვედრის დასაწყისში ბაიდენმა თქვა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს უთანხმოებები აქვთ, მაგრამ ყოველთვის უნდა შეინარჩუნონ დიალოგი.
„ჩვენ ყოველთვის არ ვთანხმდებოდით, რაც გასაკვირი არ არის, მაგრამ ჩვენი შეხვედრები ყოველთვის იყო გულწრფელი, პირდაპირი და სასარგებლო“, – თქვა ბაიდენმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას. „მე ვაფასებ ჩვენს დიალოგს, რადგან ჩემი გადმოსახედიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე და თქვენ ნათლად გვესმოდეს ერთმანეთის, როგორც ლიდერს ლიდერისა, ყოველგვარი მცდარი წარმოდგენებისა და გაუგებრობების გარეშე.
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში და ჩვენ უნდა ვმართოთ ეს კონკურენცია პასუხისმგებლობით“, – თქვა ბაიდენმა.
საპასუხოდ სი ძინპინმა თქვა, რომ „ კონფლიქტს და კონფრონტაციას ორივე მხარისთვის მიუღებელი შედეგები აქვს“.
„ორ დიდ ქვეყანას, როგორიცაა ჩინეთი და შეერთებული შტატები, არ შეუძლიათ ერთმანეთისთვის ზურგის შექცევა. პლანეტა დედამიწაზე საკმარისი სივრცეა იმისთვის, რომ ეს ორი ქვეყანა წარმატებული იყოს“, – განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
შეხვედრის დაწყებამდე მედია წერდა, რის მიღწევას შეეცდებოდნენ ორი სახელმწიფოს ლიდერები მოლაპარაკებების დროს.
ხუთი წლის წინ, როდესაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინელ სტუმარს მარ-ო-ლაგოს რეზიდენციაში უმასპინძლა, ჩინეთი აყვავების ფაზაში იყო. მისი ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ყველაზე თამამი პროგნოზებით ვარაუდობდნენ და უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალი იყო ბოლო წლების განმავლობაში.
თუმცა, მაშინაც კი, “ჩინურ ოცნებას” უკვე ემჩნეოდა მცირა ბზარები, რომელთა დამალვა დროთა განმავლობაში შეუძლებელი გახდა. და თუ ბოლო დრომდე ამერიკელებს სერიოზულად ეშინოდათ, რომ ჩინეთი მათთვის გასწრებას შეძლებდა და მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა გახდებოდა, ახლა ბევრი ანალიტიკოსი საერთოდ არ უშვებს, რომ ეს შეიძლება ოდესმე მოხდეს.
ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად შეასუსტა სი ძინპინის პოზიციები მოლაპარაკებებზე, არადა ამ მოლაპარაკებებზე დადებული ფსონები საკმაოდ მაღალია.
როგორც BBC-ის ჩინეთის კორესპონდენტი სტივენ მაკდონელი წერს, პოლიტიკურად ბოლო 12 თვე ჩინეთის პრეზიდენტისთვის სრულიად წარუმატებელი იყო და თუ ბაიდენთან შეხვედრა ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობის რაიმე სახის ნორმალიზაციის დემონსტრირებას მოახდენს, ეს სი ძინპინისთვის საკმაოდ ხელსაყრელია.
ჩინეთის ლიდერი ჯერ კიდევ მტკიცედ იკავებს ძალაუფლების სადავეებს, მაგრამ ის ასევე ზეწოლის ქვეშ იმყოფება და სჭირდება ხალხის მხარდაჭერა.
უამრავი თემაა განსახილველი, განსაკუთრებით მგრძნობიარე, როგორიცაა ნავიგაციის თავისუფლება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში (რომელსაც ჩინეთი თითქმის მის შიდა ტბად მიიჩნევს), ვაშინგტონის მხარდაჭერა ტაივანის მთავრობისადმი და ჩინეთისთვის გარკვეული ტექნოლოგიებით მიწოდების აკრძალვა.
მაგრამ სისთვის მთავარი ის არის, რომ შეხვედრის შემდეგ კვლავ შეძლოს ძლიერი სახელმწიფო მოღვაწის იმიჯის პროექცია საკუთარი მოსახლეობის თვალში.
და ეს იმიჯი ძალიან დაზარალდა მას შემდეგ, რაც ამ წელს იგი იძულებული გახდა მიზეზების დასახელების და ახსნა-განმარტების გარეშე გაეთავისუფლებინა მისი ორი მთავარი მინისტრი–თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინსტრები თანამდებობიდან, რომლებიც მან თავად დანიშნა.
შემდეგ მოხდა ბირთვული არსენალზე პასუხისმგებელი გენერლების წმენდა, რამაც ასევე ბევრი კითხვა გააჩინა და უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა,რომ პარტიული ძალაუფლების უმაღლეს ეშელონებში ყველაფერი რიგზე არ იყო.
გარდა ამისა, ჩინეთის ეკონომიკის ერთი შეხედვით შეუჩერებელმა მანქანამ მოულოდნელად დაიწყო შენელება, ახალგაზრდების უმუშევრობამ რეკორდულ დონეს მიაღწია, თანამდებობიდან გათავისუფლებამ მოიცვა ტექნოლოგიური სექტორი და დაიწყო საბინაო კრიზისი.
ასე რომ, სი ძინპინს არ დააზარალებს სხვა ზესახელმწიფოსთან კარგი ურთიერთობების იერსახის აღდგენა და კიდევ უკეთესი იქნება ამერიკასთან ვაჭრობის მოცულობის გაზრდა.
რას ელის პრეზიდენტი ბაიდენი შეხვედრისგან?
ყველა ანალიტიკოსი, გამონაკლისის გარეშე, თანხმდება, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების იმედი არსებული ვითარებაში არარეალურია. მთავარია, რომ ურთიერთობები არ გაუარესდეს.
დასავლური მედია თანხმდება, ამ შეხვედრისგან არ არის მოსალოდნელი დიდი განცხადებები ან შეთანხმებები, მაგრამ ის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.
დიდი ალბათობით, პრეზიდენტ ბაიდენს სურს, რომ ჩინეთმა გამოიყენოს თავისი მზარდი გავლენა ირანზე და თეირანი დაიყოლიოს თავი შეიკავოს ახლო აღმოსავლეთში უგუნური ქმედებებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სრულმასშტაბიანი რეგიონალური ომი.
არ არის გამორიცხული, ბაიდენიც შეეცადოს ჩინეთს ხელი შეუშალოს რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, რომელიც ომს აწარმოებს უკრაინასთან და უკიდურესად სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაზე სადაო საკითხად ტაივანი რჩება.
პეკინმა შეწყვიტა სამხედრო კონტაქტები ვაშინგტონთან, მაშინდელი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტის შემდეგ, შემდეგ კი ამერიკულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთი აძლიერებდა ბირთვულ პოტენციალს.
თუ ამერიკის პრეზიდენტი დაარწმუნებს თავის ჩინელ კოლეგას, აღადგინოს კონტაქტები გენერალიტეტის დონეზე, ეს ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას და მომავალში უსიამოვნო ინციდენტების თავიდან აცილებას.
და, რა თქმა უნდა, ეკონომიკის, ვაჭრობის (მათ შორის, ჩინეთში გარკვეული ნახევარგამტარების ექსპორტის აკრძალვის) და ნარკოტიკების (აშშ ძალიან შეშფოთებულია ჩინური ფენტანილის ნაკადით, რომელიც პირდაპირი გაგებით მოიცვა ქვეყანა) საკითხები განუხილველი არ დარჩება. .
გარდა ამისა, ჯო ბაიდენი აპირებს დაამტკიცოს, რომ საგარეო პოლიტიკის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც, მისი აზრით, მას საერთაშორისო დაძაბულობის კერების ჩაქრობის საშუალებას აძლევს, ამჯერადაც დაეხმარება.