თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ზონალურ საათობრივი პარკირების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, 10 სექტემბრიდან კი საბურთალოს რაიონსაც მოიცავს.
მისი თქმით, პარკირების ფასები რაიონების მიხედვით განსხვავებული იქნება.
„პირველი ეტაპი იქნება პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქში შემოვიღოთ ერთიანი სისტემა. რა თქმა უნდა, რაიონების მიხედვით პარკირების საფასური იქნება განსხვავებული, თუმცა ცენტრალურ რაიონებში იქნება ერთი და იმავე მიდგომა,“ – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ტაქსების რეფორმა ჯერ დასრულებული არ არის და მომდევნო წლებში შემდგომი ეტაპები ექნება.
„ტაქსის რეფორმის შედეგი სახეზეა, თუმცა ის ჯერ დასრულებული არ არის და მომდევნო წლების განმავლობაში გვექნება შემდგომი ეტაპები, იმისათვის, რომ ტაქსის სერვისიც იყოს მოწესრიგებული და კომფორტული, როგორც ტაქსის მძღოლებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ”,– თქვა კალაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ თბილისის მეტროს ახალი, ევროპული ტიპის შემადგენლობები დაემატება.
“მეტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოძრავი შემადგენლობის განახლების მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, დაწყებული გვაქვს არსებული მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ახალი შემადგენლობების შესყიდვასთან დაკავშირებით. ძალიან მალე გვეცოდინება, თუ ვინ არის გამარჯვებული კომპანია და მეტროს დაემატება ახალი, ევროპული ტიპის შემადგენლობები,“ – განაცხადა კახა კალაძემ.